თალაკვაძე გახარიაზე: სირცხვილია, როდესაც საერთო პასუხისმგებლობას ტოვებ და საუბრობ პრობლემებზე, რომლებზეც შენც გეკისრება პასუხისმგებლობა

435

წინა სტატია

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უმრავლესობის 6 დეპუტატის გადაწყვეტილება პარტიიდან წასვლის შესახებ არასწორია და ამით გიორგი გახარიას არათანმიმდევრულობა კიდევ ერთხელ დადასტურდა.

თალაკვაძის შეფასებით, გუნდის პასუხისმგებლობაზე მითითება და საკუთარი პასუხისმგებლობისგან გათავისუფება მიუღებელი და გაუმართლებელია.

„ეს არის არასწორი გადაწყვეტილება და ის არათანმიმდევრულობა, რომელიც გამოავლინა გიორგი გახარიამ ბოლო რთული გადაწყვეტილების მიღების დროს და გუნდთან ურთიერთობაში დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. სამწუხაროა, რომ ჩვენმა კოლეგებმა პირადი ურთიერთობები აირჩიეს იმ სახელმწიფოებრივი მიზნების და პირობის ნაცვლად, რომელიც ჩვენ ერთად მივეცით საზოგადოებას და რაზეც პასუხისმგებლობა არჩევნების დროს ერთად გვქონდა აღებული. რა თქმა უნდა, დაველოდებით, ვნახავთ, რა პოლიტიკურ პარტიას შექმნიან, რა იქნება მათი პოზიციონირება. არსებობს ბევრი კითხვა და ამაზე პასუხი იქნება გასაცემი. ეს არის არასწორი გადაწყვეტილება და მაშინ, როდესაც ის გამოწვევებია ქვეყანაში, რაზეც ისაუბრეს თავადაც, გუნდის პასუხისმგებლობაზე მითითება და საკუთარი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება მიუღებელია. ასეთი ნაბიჯი გაუმართლებელია. სირცხვილია, როდესაც საერთო პასუხისმგებლობას ტოვებ და საუბრობ იმ პრობლემებზე, რაზეც შენც გეკისრება პასუხისმგებლობა და შენც გაქვს ვალდებულება, რომ ამის მოსაგვარებლად იმუშავო“,- განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში კვლავ ექნება მყარი უმრავლესობა და მმართველ ძალას მიმდინარე პროცესების მიმართ ექნება ადეკვატური რეაგირება.

„გარწმუნებთ, რომ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში ექნება ძალიან მყარი უმრავლესობა, ჩვენ შევძლებთ გადაწყვეტილების მიღებას. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყოველთვის იყო ორიენტირებული პოლიტიკური ველის გაჯანსაღებაზე, მეორე მხრივ, ცხადია, როდესაც ოპოზიცია იქცევა ისე უპასუხისმგებლოდ, განსაკუთრებით რადიკალური ნაწილი, როგორც ბოლო თვეების განმავლობაში საზოგადოება ხედას და ყველანაირად ცდილობენ, უარი თქვან ნორმალურ პოლიტიკურ პროცესზე, ისინი უარს ამბობენ, რომ იყვნენ ოპოზიცია ანუ ოპოზიციას არ სურს იყოს ოპოზიცია, ამ ფონზე, რასაკვირველია, ეს პროცესები და გადაწყვეტილებები არის ზუსტად ის ნაბიჯები, რასაც ჩვენ დავაკვირდებით დიდი ყურადღებით, ჩვენ ყველაფერზე გვექნება ძალიან ადეკვატური რეაგირება. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გიორგი გახარიამ იხელმძღვანელა პირადი ინტერესებით და მან თავისი მეგობრებიც დაარწმუნა ამაში. მაშინ, როდესაც კონსოლიდაცია, ერთობლივი გადაწყვეტილებები, ერთად მუშაობა იყო ყველაზე საჭირო, მან დატოვა გუნდი, შემდეგ კი მისმა მეგობრებმა დატოვეს საპარლამენტო უმრავლესობა,”- ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.

თალაკვაძის თქმით, ამ ვითარებაში უფრო მეტი სანერვიულო ოპოზიციას ექნება.

“ვფიქრობ, ამ ვითარებაში უფრო მეტი სანერვიულო ოპოზიციას ექნება, რომელმაც უარი თქვა, ყოფილიყო ოპოზიცია პარლამენტში, აირჩია ქუჩა. ქუჩის პროექტი არის გაკოტრებული, ვინაიდან საზოგადოება კვლევებში ამას მხარს არ უჭერს, ამიტომ პოლიტიკაში ასე ხდება, როდესაც ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა, ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია, ამას გვიჩვენებს შემდეგი პროცესები,“- განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატები – გიორგი ხოჯევანიშვილი, ალექსანდრე მოწერელია, ბექა ლილუაშვილი, შალვა კერესელიძე, მიხეილ დაუშვილი და ანა ბუჩუკური მმართველ პარტიას ტოვებენ. ამის შესახებ დეპუტატებმა განცხადება პარლამენტში გააკეთეს.