გახარია პარტიას ქმნის, “ოცნების” 6 დეპუტატი მასთან გადადის

927

გიორგი გახარიას გუნდმა “ქართული ოცნება” დატოვა. კერძოდ, მმართველი პარტია დატოვეს: გიორგი ხოჯევანიშვილმა, ალექსანდრე მოწერელიამ, მიხეილ დაუშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ანა ბუჩუკურმა და შალვა კერესელიძემ.

“ჩვენ დღეიდან გიორგი გახარიასთან ერთად, ერთობლივი გადაწყვეტილებით გადავდივართ პარტიის მშენებლობის ახალ ეტაპზე, ვტოვებთ ქართულ ოცნებას და პარლამენტში მუშაობას გავაგრძელებთ როგორც დამოუკიდებელი დეპუტატები,” – საგანგებო განცხადება გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტში გააკეთა.

ხოჯევანიშვილი გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატია. 2018-2020 წლებში ის შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული იყო. ასევე ყოფილი სახელმწიფო რწმუნებულები არიან  დეპუტატები – ალექსანდრე მოწერელია და შალვა კერესელიძე. მოწერელია სამეგრელო – ზემო სვანეთის სახელმწიფო რწუნებულის პოსტს, ხოლო კერესელიძე მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პოსტს 2018-2020 წლებში იკავებდნენ.

გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა.  ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

გახარიამ მიზეზად ნიკა მელიას დაკავების ირგვლივ განვითარებული მოვლენები დაასახელა. როგორც გახარიამ განაცხადა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.