„გირჩი“ 7 მოთხოვნას ასახელებს და აცხადებს, რომ მინიმუმ ერთის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მზადაა ბოიკოტის რეჟიმი შეწყვიტოს

883

„გირჩი“ იმ მოთხოვნებს ასახელებს, რა შემთხვევაშიც მზადაა ბოიკოტის რეჟიმი შეწყვიტოს. პარტიის მიერ განსაზღვრული მოთხოვნები 7 პუნქტისგან შედგება.

„გირჩის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ:

„გირჩი“ ბოიკოტის რეჟიმს შეწყვეტს და შევა საქართველოს პარლამენტში, თუ „ქართული ოცნება“ დათანხმდება ქვემოთ ჩამოთვლილი შვიდი საკითხიდან ერთ-ერთი საკითხის სრულყოფილად გადაწყვეტას და მოწესრიგებას.

„� ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით და ბუნებრივი ბარიერით.

� კერძო საშუალო განათლება (კერძო სკოლები) სრულად გათავისუფლდება სახელმწიფო რეგულირებებისგან.

� რაიონული პოლიციის შერიფები აირჩევიან პირდაპირი წესით მოსახლეობის მიერ. (მოქმედებს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში)

� პირველი ინსტანციის მოსამართლეები აირჩევიან პირდაპირი წესით ხალხის მიერ და ბრალდებულს ექნება უფლება თავად აირჩიოს, რომელი მოსამართლე გაასამართლებს მას, არჩეული თუ დანიშნული.

� ქვეყანაში დაშვებული იქნება მულტისავალუტო რეჟიმი.

� რესტიტუცია – ოპოზიციასთან შეთანხმებული პუნქტების შესაბამისად.

� მოხდება მარიხუანის სრული ლეგალიზაცია.

თუ მეათე მოწვევის პარლამენტი შეძლებს ჩამოთვლილთაგან რომელიმე ცვლილების სრულფასოვნად განხორციელებას, „გირჩი“ ამ პარლამენტში შევა და მიიღებს მონაწილეობას ამ რეფორმათა განხორციელებაში.

ხოლო თუ მმართველ პარტიის წევრებს, პარლამენტში მარტო დარჩენილთაც კი, არ უნდათ არცერთ მნიშვნელოვან საკითხზე ძალაუფლების სხვისთვის, თუნდაც მცირედი, მაგრამ რეალური გადანაწილება მოხდეს – ეს გარემოება ჩვენთვის, 3-4 ადამიანისგან შემდგარი ფრაქციისთვის, პარლამენტს უინტერესოს ხდის, რადგან გასაგებია, რომ მმართველ პარტიას ძალიან უცნაურად ესმის პარლამენტარიზმის მნიშვნელობა, ხოლო ჩვენ, ჩვენი მცირე ძალებით, დანარჩენ ოპოზიციის გარეშე ამ ფაქტს ვერ ვცვლით.

ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ ვერ დაადასტურა არჩევნებს გაყალბების ფაქტი, გვიწევს ბოიკოტს რეჟიმში დარჩენა:

თუმცა, ჩვენი ბოიკოტი განსხვავებული იქნება ჩვენი კოლეგების ბოიკოტისგან:

� ჩვენ არ ავიღებთ არც ხელფასებს და არც პარტიულ დაფინანსებას ბიუჯეტიდან.

� არ დავესწრებით და არ მივიღებთ მონაწილეობას არც საპარლამენტო სესიებში, კომისიებში ან საკომიტეტო სხდომებში.

� არ მივიღებთ მონაწილეობას არც ერთ მივლინებაში, არც ერთ საერთაშორისო ვიზიტში და არ განვახორციელებთ არც ერთ პროცედურულ საქმიანობას, რაც პარლამენტის რეგლამენტით არის გათვალისწინებული.

თუმცა, საქართველოს პარლამენტის წევრის კანონმდებლობით გათვალისწინებული პრივილეგიებიდან გამოვიყენებთ:

� პარლამენტის წევრის იმუნიტეტს.

� იარაღის ტარების უფლებას (გვინდა ეს უფლება ჰქონდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს).

� პარლამენტის შენობას, პრესბანერთან დგომის და სიმართლის ლაპარაკის უფლებას.

ჩვენ პარლამენტში ჩამოთვლილი საკითხების მოსაწესრიგებლად შევდიოდით, სწორედ ამ მიზნით ვურთიერთობდით მთელი წელი ოპოზიციასთან, რათა მათი დახმარებით მიგვეღწია ჩვენი მიზნისთვის. იგივეს გაგრძელებას ვეცდებით „ქართული ოცნების“ დეპუტატებთან, პარლამენტის დერეფანში და თუ მეათე მოწვევის პარლამენტს აღმოაჩნდება ამ ფუნდამენტური საკითხებიდან ერთ-ერთის სრულყოფილად გადაწყვეტის უნარი მაინც, ჩვენ ჩავთვლით, რომ პარლამენტი შედგა და მონაწილეობას მივიღებთ მის საქმიანობაში“, – ნათქვამია განცხადებაში.