თაზო დათუნაშვილი: “ლელო” სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტის გაუქმებას ითხოვს

523

„ლელო“ სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტის გაუქმებას ითხოვს. როგორც „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილი აღნიშნავს, თვითმმართველობასა და დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებით ჩატარებული ყველა კვლევა ამბობს, რომ დეცენტრალიზაციის მთავარი გამოწვევა რწმუნებულების ინსტიტუტია.

„გვინდა გამოვეხმაუროთ კვლევას, რომლის ავტორი იყო „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“. კვლევა ეხებოდა სახელმწიფო რწმუნებულების ინსტიტუტს და სახელმწიფო რწმუნებულების გაწეულ ხარჯებს 2020 წლის განმავლობაში.

2020 წლის მანძილზე, ჩვენი გადასახადებიდან 5 მლნ 500 ათასი ლარი დახარჯული იქნა სრულიად უშინაარსო და უფუნქციო ინსტიტუტის, სახელმწიფო ინსტიტუტის ხელფასების, პრემიების, მივლინებების და საწვავის ხარჯებზე.

უკანასკნელი წლების მანძილზე ჩატარებული აბსოლუტურად ყველა კვლევა და დასკვნა, რომელიც ეხება თვითმმართველობას და დეცენტრალიზაციას ამ ქვეყანაში, ამბობს, რომ მთავარი გამოწვევა და საფრთხე დეცენტრალიზაციისთვის არის რწმუნებულების ინსტიტუტი“, – აცხადებს დათუნაშვილი.

მისივე თქმით, სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტის გაუქმება დეცენტრალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

„იცით, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, როგორც პოლიტიკურ სპექტრთან, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, დავიწყეთ პროექტი „კონსტიტუცია 100“, რომელიც თავისი არსით მოიაზრებს დიდ რეფორმას დეცენტრალიზაციის თვალსაზრისით.

„ლელო“ თვლის, რომ დეცენტრალიზაციისკენ კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი იქნება სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი რომ გავაუქმოთ, როგორც ზედმეტი რგოლი თვითმმართველობის ადმინისტრაციაში“, – აცხადებს დათუნაშვილი.

როგორც დათუნაშვილი აცხადებს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რწმუნებულებმა ნახევარი მილიონი ლარის საწვავი დახარჯეს გადაადგილებაში.

„მარტო ხელფასებზე დახარჯულია 4 მლნ 300 ათასი ლარი. 300 ათასი ლარი უჯდება გადასახადის გადამხდელებს ამ ადამიანების ავტომობილების შეძენა და ავტომომსახურება. ჩვენმა რწმუნებულებმა ნახევარი მილიონი ლარის საწვავი დახარჯეს შარშან, პანდემიურ წელს გადაადგილებაში. 70 ათას ლარამდე პრემიები გაიცა შარშან სახელმწიფო რწმუნებულების მიერ.

გურიის რწმუნებულის აპარატმა, გიორგი სახოკიას წინამორბედმა, 10 ათასი ლიტრი საწვავი გახარჯა პირადი ავტომობილისთვის 2020 წლის მანძილზე. შოთა რეხვიაშვილმა, რომელიც ქვემო-ქართლის რწმუნებულს წარმოადგენს, 56 ათას 300 ლარის პრემია გასცა 2020 წელს, როდესაც ნახევარი ქევყანა ჩაკეტილი იყო“,-აცხადებს დათუნაშვილი.