მაშინ, როდესაც კოვიდპანდემიის გამო ქვეყანაში სულ უფრო რთული ხდებოდა მცირე ბიზნესის შენარჩუნება, სიღნაღელ და დედოფლისწყაროელ ქალებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ახალი პროექტი – “ქალთა ბიზნესის მხარდაჭერა” სწორედაც რომ მაშველ რგოლად მოევლინათ. პროექტი, რომელსაც GIZ, გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, “კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში” პროგრამის ფარგლებში ახორციელებდა, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას ისახავდა მიზნად და ახალი ბიზნესის დასაწყებად, ან უკვე არსებული საქმის გასაფართოებლად საწარმოო ინვენტარის შეძენას ითვალისწინებდა. გრანტის მისაღებად მთავარი იყო კარგი ბიზნესიდეის მოფიქრება და მინიმუმ 10%-იანი ფინანსური თანამონაწილეობა. რაც მთავარია, ბიზნესგეგმების წერაში სრულიად გამოუცდელ და ახალბედა ქალებს GIZ-ის პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაცია “მომავლის ფერმერი” და ექსპერტები, ტრენინგებისა და კონსულტაციების მეშვეობით, შესაბამის ცოდნასაც აძლევდნენ.
“პროექტში ჩართულობით უფრო მეტი თავდაჯერებულობა შევიძინე და სამომავლო სტიმული მომეცა”
კოვიდპანდემიამ ქიზიყში განსაკუთრებით დიდი გამოწვევის წინაშე ქალაქ სიღნაღის საოჯახო სასტუმროებისა და კვების ობიექტების მფლობელები დააყენა. მათ შორის აღმოჩნდა ეკა შუშტაკაშვილიც, რომელიც იძულებული გახდა, ერთი წლის გახსნილი საოჯახო სასტუმრო დაეკეტა, არადა, საქმე კარგად მიდიოდა, სტუმრებიც არ აკლდა, გაფართოებას გეგმავდა და საკუთარ ეზოში ტურისტებისთვის მასტერკლასების ჩასატარებლად საჭირო სივრცის მოწყობასაც აპირებდა. პანდემიამ კი გეგმები “გაყინა”, თუმცა, GIZ-ის გრანტმა ამ გეგმის განხორციელების შესაძლებლობა მისცა.
ეკა შუშტაკაშვილი: “ამ პროექტმა დიდი იმედი მომცა. ისე კეთდება ყველაფერი, როგორც დაგეგმილი მქონდა. მასტერკლასებისთვის განკუთვნილი კაპიტალური შენობისთვის საჭირო სამშენებლო მასალები შემიძინეს: აგური, ხის მასალა, იატაკის ფილები, თუნუქის ფურცელი სახურავისთვის. თონეც მიყიდეს, არყის გამოსახდელი კი ჩემი თანადაფინანსებით შევიძინე. ტურისტებს პურის გამოცხობა, ჩურჩხელების ამოვლება და კერძების მომზადება ძალიან აინტერესებთ, მაგრამ ქალაქ სიღნაღში ასეთი სივრცე აქამდე არ იყო. იმედი მაქვს, ტურისტები მალე გამოჩნდებიან და ჩვენს სასტუმროში ქართული სამზარეულოს მასტერკლასების გავლა შეეძლებათ”.
ამავე თემაზე წაიკითხეთ: “ცხოვრებაში პირველი პროექტი დავწერე და გავიმარჯვე” – GIZ-ის პროექტი, რომელმაც დედოფლისწყაროელ ქალებს ბიზნესის დაწყების შესაძლებლობა მისცა
ვიდრე სიღნაღში ტურისტები გამოჩნდებიან და მასტერკლასები დაიწყება, ოჯახის შემოსავლის წყარო თონე იქნება. ეკას იმედი აქვს, რომ თონე კარგად იმუშავებს, რადგან ქალაქში მხოლოდ ერთი საცხობი ფუნქციონირებს და მოსახლეობა ძირითადად წნორიდან მარაგდება. საზღვრების გახსნისა და ტურისტების დაბრუნების შემდეგ კი, როცა საოჯახო სასტუმრო სრულად დაიტვირთება, რამდენიმე ქალს დაასაქმებს. ეკა სამომავლოდ პატარა საოჯახო ღვინის მარნის მოწყობასაც გეგმავს.
“პროექტში ჩართულობით შევიძინე უფრო მეტი თავდაჯერებულობა, მომეცა სამომავლო სტიმული. ვხედავ მშენებარე სივრცეს საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში და მჯერა, რომ გაზაფხულიდან, როგორც მთელ ქვეყანაში, ისე პირადად ჩემი მდგომარეობაც გამოსწორდება და ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით”, – იმედოვნებს ეკა.
საგრანტო კონკურსში სიღნაღიდან ხუთმა ქალმა წარადგინა თავისი ბიზნესგეგმა, თუმცა, მხოლოდ სამმა გაიმარჯვა. ერთ-ერთი პროექტი არტიშოკის ბაღის გაშენებას ითვალისწინებს, ხოლო მეორე – კვების ობიექტის მოწყობას.
“ამ პროექტმა სტიმული მომცა და წარმოების გაგრძელებაში დამეხმარა”
ხათუნა გონაშვილი დედოფლისწყაროში მცხოვრები ქალია, რომელიც ამავე მუნიციპალიტეტში ჩირის საწარმოს განვითარებას და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.
ხათუნას თქმით, დედოფლისწყაროში უხვად მოდის ხილი, რომელსაც მოსახლეობა, ფაქტობრივად, ვერ იყენებს და ძირითადად, საქონლისა და ფრინველის საკვები ხდება. ამიტომ, გაუჩნდა სურვილი, გაეკეთებინა მშრალი ხილის – ჩირის საწარმო, თუმცა, პანდემიამ მის საქმიანობაზეც უარყოფითად იმოქმედა: შეუმცირდა პროდუქციის რეალიზაცია, ვერ შეძელო გადამზადებული კადრის შენარჩუნება, ვერ აღჭურვა საწარმო სრულად… GIZ-ის პროექტში გამარჯვებამ კი მას ახალი შესაძლებლობები გაუჩინა.
“მუნიციპალიტეტის მშრალი ჰავა ხელს უწყობს ხილის მაღალშაქრიანობას, რაც ჩირის წარმოებისას მაღალკალორიული და ხარისხიანი პროდუქტის მიღების წინაპირობაა. 2018 წელს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ევროკავშირის სამეზობლო პროგრამის ფარგლებში (ENPARD II) გამოცხადდა საგრანტო კონკურსი, რომელშიც მოვიპოვე დაფინანსება და გავაკეთე მშრალი ხილის – ჩირის საწარმო “ჩაროზი”. შევისწავლე ხილის შრობის და შენახვის ტექნოლოგია და 2019 წლის შემოდგომაზე დავიწყე ჩირის წარმოება. პროდუქტმა გაუძლო შენახვისთვის დადგენილ 9-თვიან ვადას ისე, რომ არ დაუკარგავს სასაქონლო სახე და კვებითი ღირებულება. მიღებულმა პროდუქციამ დიდი მოწონება დაიმსახურა ადგილობრივ ბაზარზე და წარმატებით დავიწყე მისი რეალიზაციაც. საწარმო ვითარდებოდა გაწერილი განვითარების გეგმის მიხედვით. ეტაპობრივად ვახდენდი მის დამატებითი ტექნიკა-დანადგარებითა და ინვენატრით აღჭურვას, თუმცა, კოვიდ-19-თან დაკავშირებით დაწესებულმა შეზღუდვებმა ჩემს საქმიანობაზეც უარყოფითად იმოქმედა.
სწორედ “მომავლის ფერმერისა“ და GIZ-ის ერთობლივი პროექტის ხელშეწყობით შევძელი საწარმოს განვითარების დასახული გეგმის გაგრძელება. პროექტის ფარგლებში ავეჯი და ინვენტარი შევისყიდე, რამაც სტიმული მომცა და წარმოების გაგრძელებაში დამეხმარა. ამ ჩართულობამ და ხელშეწყობამ უაღრესად დადებითი როლი შეასრულა ჩემი წარმოების განვითარებაში,” – აღნიშნავს ხათუნა.
„ეს პროექტი ძალიან დამეხმარა ჩემი მიზნის განხორციელებაში“
ხათუნა მაძღარაშვილიც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანში მცხოვრები ქალია, რომელიც ამავე სოფელში პურის საცხობის მოწყობას გეგმავს და ადგილობრივ მოსახლეობას საღამოს საათებში პურის დეფიციტის პრობლემას გადაუჭრის.
კოვიდ-19-თან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო ხათუნას ოჯახი ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. შექმნილმა მდგომარეობამ აიძულა, ამ მიმართულებით დაეწყო საქმიანობა, მით უმეტეს, რომ მისი ოჯახისთვის პურის საცხობის თემა უცხო არ იყო: “ჩემი მეუღლე წლების განმავლობაში მუშაობდა თონეში. პანდემიის პირველი ტალღის პერიოდში კი სამსახურში ვეღარ დადიოდა. ამ დროს გამოჩნდა პროექტი, რომლის გამარჯვებულიც გავხდი და მივხვდი, ეს შემოთავაზება და თონის აშენება ზუსტად მორგებული იქნებოდა ჩვენთვის და ჩვენი სოფლის მცხოვრებლებისთვისაც”.
ზემო მაჩხაანელი ქალბატონისთვის პროექტში მონაწილეობა საინტერესო აღმოჩნდა. როგორც თავად ამბობს, ინვენტარის შეძენასთან ერთად, მისთვის მნიშვნელოვანი იყო იმ ინფორმაციის, ცოდნის მიღება, რაც სამომავლოდ საკუთარი ბიზნესის სწორად მართვისთვის გამოადგება.
“ეს პროექტი ძალიან დამეხმარა ჩემი მიზნის განხორციელებაში. შემიძინეს ცომის მოსაზელი აპარატი და ბევრი ისეთი რამ, რომლის ყიდვაც ამ პანდემიის პირობებში ძალიან გამიჭირდებოდა. შემდეგ ცივმა ამინდმა მოგვისწრო და შენობისთვის კოსმეტიკური სარემონტო სამუშაოების გაკეთებაში ხელი შეგვეშალა, თუმცა, სამომავლოდ ვგეგმავ შენობის უფრო კეთილმოწყობას”, – ამბობს ხათუნა მაძღარაშვილი.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს, მადონა ბატიაშვილს სურვილი აქვს, რომ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაში მუნიციპალიტეტიც აქტიურად ჩაერთოს, თუმცა, ფინანსები, რომელიც თვითმმართველობას გააჩნია, მასშტაბური პროექტების განხორციელების საშუალებას არ იძლევა. ამიტომაც ფიქრობს, ქალებს მუნიციპალიტეტი მცირე პროექტებით მაინც შეეხიდოს.
“ასეთი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია ქალთა როლის გაძლიერებისთვის, მეტ დამოუკიდებლობას მისცემს მათ და გაზრდის ქალთა ჩართულობას საზოგადოებრივ საქმიანობაში. მუნიციპალიტეტის მიერ მსგავსი პროექტების განხორციელება კარგი იქნებოდა, თუმცა, არ კმარა მხოლოდ სურვილი. ქალთა მხარდაჭერის პროგრამას კარგი გააზრება და გაანგარიშება სჭირდება, თუ რამდენად შეძლებს ჩვენი ბიუჯეტი ასეთი დაფინანსების გაღებას. შეიძლება, ჩვენი ჩართულობა არ იყოს მასშტაბური, თუმცა, რამდენიმე კარგი იდეის სხვადასხვა სახით ხელშეწყობა იქნება მნიშვნელოვანი. შესაძლოა, მუნიციპალიტეტმა ქალთა ბიზნესებს ხელი შეუწყოს გამოფენებისა და ბაზრობების ორგანიზებით, ადგილობრივი წარმოების პოპულარიზაციით და სხვა“, – ამბობს მერის მოადგილე.
პროექტი, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ პროგრამის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია “მომავლის ფერმერმა” განახორციელა, კახეთის სამ მუნიციპალიტეტს – დედოფლისწყაროს, სიღნაღსა და ლაგოდეხს მოიცავდა. კონკურსში ჯამში 12 საუკეთესო ბიზნესგეგმის ავტორმა გაიმარჯვა, რომელთა შორის 9 სტარტაპი იყო.
სამივე მუნიციპალიტეტში ქალთა ბიზნესის ხელშეწყობისთვის გამოყოფილი გრანტის ფარგლებში კონკურსში გამარჯვებულმა ქალებმა სხვადასხვა ინვენტარი და შენობა-ნაგებობების ასაშენებლად საჭირო სამშენებლო მასალები შეიძენეს.
ამავე თემაზე წაიკითხეთ: ძლიერი ქალი სოფლად – კრიზისით დაზარალებულ ლაგოდეხელ ქალებს GIZ-მა ბიზნესგეგმები დაუფინანსა
გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) GIZ 1992 წლიდან ეხმარება საქართველოს კარგი მმართველობის, დემოკრატიის, მდგრადი ეკონომიკური განვითარების, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მიმართულებით. 2020 წლის 1 აპრილიდან GIZ-მა დაიწყო ახალ პროგრამის განხორციელება – „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“. საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროსთან სტრატეგიული თანამშრომლობით, პროგრამა ხელს უწყობს მოქალაქეზე ორიენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული განვითარების სფეროების რეფორმირების პროცესს. მისი მიზანია, დაეხმაროს საჯარო დაწესებულებებს ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე საჯარო სერვისების უკეთ მიწოდებასა და მოქალაქეთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში.
სტატია მომზადებულია გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ მხარდაჭერილი პროექტის – “კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში. GIZ არ იღებს პასუხისმგებლობას სტატიის შინაარსობრივ სისწორესა და მასში გამოთქმულ მოსაზრებებზე.