„ცხოვრებაში პირველი პროექტი დავწერე და გავიმარჯვე“ – GIZ-ის პროექტი, რომელმაც დედოფლისწყაროელ ქალებს ბიზნესის დაწყების შესაძლებლობა მისცა

1874

შემდეგი სტატია

კოვიდპანდემიის დროს დიდი თუ მცირე ბიზნესი სერიოზული გამოწვევების წინაშე დადგა, კრიზისი განსაკუთრებით მძიმედ სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ ქალებს შეეხო, დიდი ნაწილი სამსახურისა და შემოსავლის გარეშე დარჩა. სწორედ ამ დროს კახეთში მცხოვრებმა რამდენიმე ქალმა საკუთარი ბიზნესი წამოიწყო. ყველაფერი კი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) “კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში” პროგრამის ფარგლებში გაცემული გრანტის წყალობით დაიწყო.. პროექტი – “ქალთა ბიზნესის მხარდაჭერა” სიღნაღში, ლაგოდეხსა და დედოფლისწყაროში მცხოვრებ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას ისახავდა მიზნად და ახალი ბიზნესის დასაწყებად, ან უკვე არსებული საქმის გასაფართოებლად საწარმოო ინვენტარის შეძენას ითვალისწინებდა. გრანტის მისაღებად მთავარი იყო კარგი ბიზნესიდეის მოფიქრება და მინიმუმ 10%-იანი ფინანსური თანამონაწილეობა.

სიღნაღში, ლაგოდეხსა და დედოფლისწყაროში მცხოვრებ ქალთა შორის ინფორმაცია პროექტის შესახებ სწრაფად გავრცელდა, ივლისში პირველი საკონსულტაციო შეხვედრებიც გაიმართა. გრანტის მიღების სურვილი დიდი იყო, მაგრამ ბიზნესში გამოუცდელ ქალებს კონკურსში გამარჯვების იმედი ნაკლებად ჰქონდათ. თუმცა, სტიმულს აძლევდათ ის, რომ პროექტის ერთ-ერთ პრიორიტეტი სტარტაპების (start-up) მხარდაჭერა იყო. GIZ-ის ექსპერტების მიერ ჩატარებული ტრენინგებისა და კონსულტაციების წყალობით, ქალებმა თავისი იდეები მალე პროექტებად აქციეს. კონკურსში 12 საუკეთესო ბიზნესგეგმის ავტორმა გაიმარჯვა, რომელთა შორის 9 სწორედ სტარტაპი იყო.

სამივე მუნიციპალიტეტში ქალთა ბიზნესის ხელშეწყობისთვის გამოყოფილი გრანტის ფარგლებში კონკურსში გამარჯვებულმა ქალებმა, GIZ-ის კონტრაქტორი არასამთავრობო ორგანიზაციის – „მომავლის ფერმერის“ მხარდაჭერით, სხვადასხვა ინვენტარი და შენობა-ნაგებობების ასაშენებლად საჭირო სამშენებლო მასალები შეიძენეს.

ამავე თემაზე წაიკითხეთ: ძლიერი ქალი სოფლად – კრიზისით დაზარალებულ ლაგოდეხელ ქალებს GIZ-მა ბიზნესგეგმები დაუფინანსა

GIZ-ის პროგრამის “კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში” პროექტის – “ქალთა ბიზნესის მხარდაჭერა” მთავარი მიზანი იყო, გრანტის ფარგლებში ქალთა ისეთი ინიციატივები დაფინანსებულიყო, რომელიც სიცოცხლისუნარიანი იქნებოდა, გრძელვადიან ეკონომიკურ საქმიანობას შეუწყობდა ხელს, ადგილზე დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნიდა და რეგიონში მცხოვრებ ქალებს გააძლიერებდა.

“ამ პროექტის წყალობით თავიდან დავიბადე, გამაცოცხლა”

საკუთარი საქმის დასაწყებად გრანტი მიიღო მანანა კიკაძემ დედოფლისწყაროდან. იგი წლების განმავლობაში თბილისში ოჯახებში დამხმარედ მუშაობდა, რათა მიღებული შემოსავლით შვილებისთვის კარგი განათლება მიეცა. “ყველას და ყველაფერს მოწყვეტილი ვიყავი. სახლში დაბრუნება ძალიან მინდოდა, მაგრამ დედოფლისწყაროში უმუშევრობა მელოდა და ამიტომ ისევ თბილისში ვრჩებოდი”, – ამბობს მანანა კიკაძე.

კოვიდპანდემიის გამო თბილისშიც უმუშევრად დარჩა. ოჯახებმა, რომლებთანაც წლების განმავლობაში მუშაობდა, ვეღარ შეძლეს მასთან ურთიერთობის გაგრძელება. სწორედ ამ დროს ახლობელმა დაურეკა, დედოფლისწყაროში გერმანული ორგანიზაცია ქალებს მცირე გრანტს აძლევს ბიზნესის დასაწყებად და, თუ იდეა გაქვს, შეგიძლია, ბედი სცადოო. საკუთარი საქმის დაწყებაზე უკვე დიდი ხანია, ფიქრობდა და იდეაც ჰქონდა, რომელიც თბილისში ერთ-ერთ სამკერვალოში ბუმბულის ძველი ბალიშების განახლების შემდეგ გაუჩნდა. დედოფლისწყაროში ასეთი სამკერვალოს გახსნაზე ოცნებობდა. ბიზნესის დასაწყებად საჭირო ყველა დეტალი კარგად რომ შეესწავლა, თავის დროზე ხაშურშიც კი ჩავიდა მსგავსი სამკერვალოს მფლობელი ახლობლისგან კონსულტაციის მისაღებად. თუმცა, რესურსების შეფასების შემდეგ სამკერვალოს გახსნაზე ოცნება მომავლისთვის გადადო.

მანანა კიკაძე:ამ პროექტის წყალობით თავიდან დავიბადე, გამაცოცხლა. ჩემს სახლში დამაბრუნა და თან საკუთარი საქმე მაქვს. რომ არა ეს პროექტი, ჩემს იდეას ნამდვილად ვერ განვახორციელებდი. თავიდან ცოტა უიმედოდ ვიყავი, პროექტის წერაში გამოუცდელი ვარ და არ მეგონა, თუ დამაფინანსებდნენ, თუმცა, სხვა ქალებთან ერთად, ბიზნესგეგმის წერის ტრენინგები გავიარე. ყველაფერი კარგად გვასწავლეს, ცხოვრებაში პირველი პროექტი დავწერე და გავიმარჯვე”.

კონკურსში გამარჯვების შემდეგ მიღებული გრანტით მაღალი სტანდარტების საკერავი მანქანა, ბუმბულის საპენტი დანარგარი, ოვერლოკის მანქანა, ინტეგრირებული საუთოებელი მაგიდა და ორთქლის უთო შეიძინა. სამკერვალო დროებით საკუთარ სახლში გახსნა და უკვე პირველი შეკვეთაც მიიღო. როგორც თავად ამბობს, პროექტის ფარგლებში მიღებულმა ცოდნამ და გამოცდილებამ ისე გაათამამა, რომ „აწარმოე საქართველოსთვისაც“ დაწერა პროექტი. ახლა უკვე საბნისა და ლეიბისთვის საჭირო მასალის დამუშავებისთვის საჭირო აპარატის შეძენა სურს, რომ სრულყოფილი საწარმო ჰქონდეს. იმედი აქვს, რომ გაზაფხულიდან აქტიურად დაიწყებს მუშაობას, სამკერვალოსთვის ფართს დაიქირავებს და სხვა ქალებსაც დაასაქმებს.

“ეს პროექტი ჩემი მიზნის განხორციელებაში ძალიან დამეხმარა”

თებროლე ბენაშვილიც დედოფლისწყაროელია. ის სოფელ არბოშიკში ჟოლოს ბაღის გაშენებას გეგმავს და ადგილობრივ მოსახლეობას ამ სასარგებლო პროდუქტის დეფიციტის პრობლემას გადაუჭრის. პანდემიით გამოწვეულმა მდგომარეობამ თებროლე აიძულა, ამ მიმართულებით დაეწყო საქმიანობა.

„წლების განმავლობაში ვამუშავებ საკარმიდამო მიწის ნაკვეთს. მომყავს ოჯახისათვის საჭირო ბოსტნეული, ხილი, კენკრა. გამოჩნდა პროექტი, რომლის გამარჯვებულიც ვარ და მივხვდი, ეს შემოთავაზება და ჟოლოს ბაღის გაშენება ზუსტად მორგებული იქნებოდა ჩვენთვის და ჩვენი სოფლის მცხოვრებლებისთვის. საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე უკვე გადავრგე ჟოლოს ნერგები, ჩავყარე ბოძები. დარჩენილია მხოლოდ წვეთოვანი სისტემის მოწყობა”, – ამბობს თებროლე.

არბოშიკელი ქალბატონისთვის პროექტში მონაწილეობა საინტერესო აღმოჩნდა. მისთვის მნიშვნელოვანი გალხდათ როგორც ინვენტარის კუთხით გაწეული დახმარება, ისე პრაქტიკული და საჭირო ინფორმაციის მიღება მომავალი საქმიანობის სწორად წარმართვისთვის.

“ეს პროექტი ჩემი მიზნის განხორციელებაში ძალიან დამეხმარა. შემიძინეს კულტივატორი, ბალახის სათიბელა და ბევრი ისეთი რამ, რომლის ყიდვაც პანდემიის პირობებში ძალიან გამიჭირდებოდა”, – ამბობს თებროლე ბენაშვილი.

“ამ პროექტის მეშევობით დავინახე, როგორ შეიძლება, ნებისმიერი, ყველაზე უბრალო და ყოველდღიური საქმიანობაც კი, იქცეს მომგებიანად”

პროექტის კიდევ ერთი გამარჯვებული, მარინა ჯამალაშვილიც სოფელ არბოშიკიდანაა. ის ხილისა და ბოსტნეულის მაღაზიის გახსნას გეგმავს და გარშემო 2-3 სოფელს ბოსტნეულით მომარაგების პრობლემას გადაუჭრის.

პანდემიის გამო ქალბატონი მარინას ოჯახი ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. უმუშევრად დარჩნენ მისი შვილები. ოჯახში, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავთ, მნიშვნელოვნად შემცირდა შემოსავალი. სწორედ ამ დროს გაჩნდა ხილისა და ბოსტნეულის მაღაზიის გახსნის იდეაც. მით უფრო, რომ დაწესებული შეზღუდვების გამო, სოფელი დისტრიბუციით ვეღარ მარაგდებოდა, რამაც დეფიციტი გააჩინა.

“ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მიმეღო ფინანსური მხარდაჭერა და ამ პროექტის მეშვეობით შევძელი, იდეა რეალობად მექცია. გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, შევიძინე ცოდნა და უნარები ბიზნესის მართვის მიმართულებით და დავინახე, როგორ შეიძლება, ნებისმიერი, ყველაზე უბრალო და ყოველდღიური საქმიანობაც კი, სწორად დაგეგმვის პირობებში, იქცეს მომგებიან საქმიანობად. სამომავლოდ ვგეგმავ ხილსა და ბოსტნეულს დავამატო სხვა პროდუქციაც, რომელზეც იქნება მოთხოვნა სოფელში და, აგრეთვე, ხელი შევუწყო სოფელში ნაწარმოები პროდუქციის რეალიზაციას”, – ამბობს მარინა ჯამალაშვილი.

“მიღებული ცოდნა ბიზნესის სწორად წარმართვისა და სამომავლოდ გაფართოებისთვის გამომადგება”

ქეთევან ქოქაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანში მცხოვრები ქალია, რომელიც ამავე სოფელში საკუთარი ქვევრის ღვინის – “შალვა ნატროშვილის მარანის” პოპულარიზაციისთვის ღვინის სადეგუსტაციო დარბაზის მოწყობას გეგმავს.

“2014 წელს გავაშენეთ ვენახი, სადაც 4 სახეობის ვაზი გვაქვს დარგული. აღვადგინეთ პაპისეული მარანი და ქვევრის ღვინოს ვაყენებთ. პანდემიამდე მონაწილეობას ვიღებდით სხვადასხვა გამოფენაში. ამ გამოფენებზე ჩვენმა ღვინომ დიდი მოწონება დაიმსახურა. ღვინის მოყვარულები გვეკითხებოდნენ, ადგილზე შეეძლოთ თუ არა მოსვლა და დეგუსტაცია. აქედან გაჩნდა იდეა, რომ აგვეშენებინა ღვინის საცავი და სადეგუსტაციო დარბაზი. დავიწყეთ მშენებლობა, მაგრამ კოვიდპანდემიამ მის დასრულებაში ხელი შეგვიშალა. ამ დროს გამოჩნდა ეს პროექტი, რომელმაც საშუალება მოგვეცა, შენობის მოპირკეთება გაგვაგრძელებინა. ამის გარდა, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო იმ ცოდნის მიღება, რაც პროექტში მონაწილეობისას მივიღე – ეს საკუთარი ბიზნესის სწორად წარმართვისთვის და სამომავლოდ გაფართოებისთვის გამომადგება”, – ამბობს ქეთევანი.

დედოფლისწყაროდან გრანტი სულ ექვსმა ქალმა მოიპოვა, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ დაფინანსებული პროექტები მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სხვა ქალებსაც გააძლიერებს, რადგან თითქმის ყველა ბენეფიციარი დამატებით სულ მცირე 2 ქალის დასაქმებას გეგმავს.

დედოფლისწყაროს მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი მიიჩნევს, რომ ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ქვეყნის და მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. „ასეთი საგრანტო პროექტების განხორციელება ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი მადლობა GIZ-ს ადგილობრივი ქალების ბიზნესის სტიმულირებისთვის. ყველაზე იდეალური იქნებოდა, მუნიციპალიტეტს თანხა ჰქონდეს იმისთვის, რომ მსგავსი პროექტები თვითონაც განახორციელოს. მაგრამ სამწუხაროდ, 2021 წლის ბიუჯეტში ქალთა ბიზნესებისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფა რთული იქნება. თუმცა, ჩვენი მხრიდან, ასეთი პროექტების მხარდაჭერა სხვადასხვა აქტივობების განხორციელებით არის შესაძლებელი, როგორიც არის დახმარება ინფორმაციის გავრცელებაში, შეხვედრების ორგანიზება, ფართის გამოყოფა და სხვა. მნიშვნელოვანია, ისეთი მიმართულებებზე მოხდეს გრანტის გაცემა და ის ბიზნესი დაფინანსდეს, რომელიც მდგრადი იქნება და ხელს შეუწყობს ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებას“ – ამბობს დედოფლისწყაროს მერი.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი ამბობს, რომ ქალთა კომპონენტს სახელმწიფო პროგრამებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ქალებმა ეს შესაძლებლობა კარგად გამოყენონ. „ქალთა ბიზნესებისთვის მცირე გრანტების გაცემა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი დონორები ამ მიმართულებით ძალიან კარგ პროექტებს ახორციელებენ. ერთია თავად მათ მიერ გაცემული ფინანსური რესურსი და მეორე სწავლების კომპონენტი. მნიშვნელოვანია, რომ დაინტერესებულ პირებს კარგი პროექტების დაწერა შეეძლოთ. საგრანტო განაცხადის კარგად წერის უნარი ქალებს გზას უხსნის სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობისთვის. ქალთა კომპონენტს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სახელმწიფო პროგრამებში, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ქალების მიერ ეს შესაძლებლობა გამოყენებული იყოს და ამ მიმართულებით ქალთა ცოდნის ამაღლება ერთ-ერთი მთავარი საკითხია“, – აცხადებს მინისტრის მოადგილე.

თითქმის 30 წელია – 1992 წლიდან, GIZ, გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დავალებით, საქართველოს კარგი მმართველობის, დემოკრატიის, მდგრადი ეკონომიკური განვითარების, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მიმართულებით ეხმარება. 2020 წლის 1 აპრილიდან GIZ-მა ახალ პროგრამის განხორციელება დაიწყო – „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“. საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროსთან სტრატეგიული თანამშრომლობით,  პროგრამა ხელს უწყობს მოქალაქეზე ორიენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული განვითარების სფეროების რეფორმირების პროცესს. მისი მიზანია, დაეხმაროს საჯარო დაწესებულებებს ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე საჯარო სერვისების უკეთ მიწოდებასა და მოქალაქეთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში.

 

სტატია მომზადებულია გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ მხარდაჭერილი პროექტის – “კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში. GIZ არ იღებს პასუხისმგებლობას სტატიის შინაარსობრივ სისწორესა და მასში გამოთქმულ მოსაზრებებზე.