კოვიდპანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა რეგიონში მცხოვრები ქალები განსაკუთრებით დააზარალა. ზოგმა სამსახური დაკარგა, ნაწილმა საკუთარი შრომით შექმნილი პროდუქციის რეალიზება ვერ შეძლო და შემოსავლის გარეშე დარჩა. მათ შორის აღმოჩნდა ლაგოდეხში მცხოვრები გვანცა სპანდერაშვილი, რომელმაც პანდემიის დროს შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო მეორადი ტანსაცმლის მაღაზია ვეღარ ამუშავა და დედასთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად, შემოსავლის გარეშე დარჩა. კრიზისიდან გამოსავლის ძიების დროს საყვარელი საქმე გაახსენდა, ძველი საკერავი მანქანა გადმოიღო და აქსესუარების კეთება დაიწყო. ბავშვობიდან კარგად ხატავდა და კერავდა, ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელიც დაამთავრა მოდის დიზაინის განხრით. თუმცა, კერვისთვის დრო აღარ რჩებოდა.
პანდემიის დროს კი გვანცა სპანდერაშვილმა ხელსაქმე შემოსავლის წყაროდ აქცია. თუმცა ძველი საკერავი მანქანით მუშაობა ძალიან გაუჭირდა. ხარისხიანი პროდუქციის შესაქმნელად კარგი დანადგარები სჭირდებოდა, რისთვისაც საჭირო ფინანსური რესურსები არ გააჩნდა. სწორედ ამ დროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) წარმომადგენლისგან შეიტყო, რომ ლაგოდეხში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ პროგრამის ფარგლებში საგრანტო კონკურსს იწყებდა. პროექტი „ქალთა ბიზნესის მხარდაჭერა“ კახეთში მცხოვრებ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას ისახავდა მიზნად და ახალი ბიზნესის დასაწყებად, ან უკვე არსებული საქმის გასაფართოებლად საწარმოო ინვენტარის შეძენას ითვალისწინებდა. გრანტის მისაღებად მთავარი იყო კარგი ბიზნესიდეის მოფიქრება და მინიმუმ 10%-იანი ფინანსური თანამონაწილეობა. პროექტის მომხიბვლელობა იმაშიც იყო, რომ GIZ-ის ექსპერტები, ტრენინგებისა და კონსულტაციების მეშვეობით, შესაბამის ცოდნასაც აძლევდნენ.
გვანცა პროექტში აქტიურად ჩაერთო. ბიზნესგეგმა დაწერა და კონკურსში გამარჯვების სიხარულიც განიცადა. საგრანტო თანხით კი საკერავი მანქანა, ქსოვილის საჭრელი დანადგარი, ინტეგრირებული მაგიდა (საუთოებელი), ორთქლის უთო, ოვერლოკის, გვირისტისა და ზიგზაგის გასაკეთებელი მანქანები შეიძინა. სახელოსნო, ჯერჯერობით, სახლში მოაწყო და პირველი პროდუქციაც გამოუშვა.
გვანცა სპანდერაშვილი: „ყოველთვის ძლიერი სურვილი მქონდა, ჩემი სახელოსნო მქონოდა. გამოჩნდა GIZ-ის პროექტი და ჩემი ბავშვობის ოცნება ავიხდინე. დღეს ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ და თან შემოსავალიც მაქვს. შეკვეთებიც უკვე დაიწყო. შარფებს, ქუდებსა და აქსესუარებს ვამზადებ. ახლა უკვე გაფართოებაზეც ვფიქრობ, საქსოვი მანქანის შესაძენად „აწარმოე საქართველოსთვის“ პროექტი დავწერე და მეორე ტურშიც გადავედი. დიდი იმედი მაქვს, ჩემი სახელოსნო კიდევ უფრო განვითარდება, სხვებსაც დავასაქმებ და ბრენდირებასაც გავაკეთებ“.
გვანცას პროექტში გამარჯვება ბავშვობის ოცნების ახდენაში დაეხმარა, რაც მისთვის კიდევ უფრო დიდი მოტივაცია და პასუხისმგებლობაა. მისი სურვილია, სამომავლოდ ტანსაცმლის შექმნისა და კერვის ხაზით აქტიურად დაკავდეს.
„პროექტში გამარჯვებით დასახულ მიზანს გაცილებით მალე მივაღწიე…“
მარიამ მიროტაძე ლაგოდეხში აგროტურიზმის მიმართულებით აპირებს განვითარებას და განსხვავებული, საინტერესო გარემოს შექმნას.
მარიამ მიროტაძის სახელს უკავშირდება მეღვინეობა “სი”. ეს გახლავთ საუკეთესო ღვინო, რომლის თითოეული ბოთლი ორიგინალური ეტიკეტით მოგანიჭებთ სი-თბოს, სი-ხარულს, სი-ნაზეს და სი-ყვარულს.
„ორი წლის წინ, სრულიად მოულოდნელად, მამამ დაბადების დღეზე ვენახი მაჩუქა. დამირეკა და მთხოვა, ერთ საათში იუსტიციის სახლში მივსულიყავი. სამსახურიდან გავიქეცი და ხელი მოვაწერე რაღაცას. არც კი მიკითხავს რა იყო. ვჩქარობდი და გზიდან დავურეკე − მა, ვიყავი და გავრბივარ ისევ სამსახურში-მეთქი. იქიდან პასუხად ვიღებ: „ვენახი გაჩუქე, დაბადების დღის საჩუქარია. გკოცნი, მიყვარხარ“. ერთი ჩავიცინე, მეც მიყვარხარ-მეთქი, და დავემშვიდობე, თან ვფიქრობ, რა ვენახი? რად მინდა 20 წლის გოგოს? ნეტავ მართლა ეგ მაჩუქა? თურმე მართლა უჩუქებია. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მექნებოდა ლაგოდეხში ერთ ჰექტარზე გაშენებული საკუთარი ვენახი და ღვინის დახმარებით ვუამბობდი ადამიანებს იმ გრძნობებსა და განცდებზე, რომელიც ყველასია და ყველაშია“, – ამბობს 22 წლის მარიამი.
პანდემიის პირობებში მარიამის ბიზნესს, ძირითადად, რეალიზაციის კუთხით შეექმნა პრობლემები.
„შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ პანდემიის პერიოდში შევიქმენით და ჩამოვყალიბდით. რეალიზაციის კუთხით ძალიან დიდი გეგმები გვქონდა, თუნდაც კაფეებთან თანამშრომლობა, რაშიც სწორედ პანდემიის გამო შევყოვნდით. იმედს ვიტოვებ, მალე დასრულდება ეს ყველაფერი და შევძლებ იმის გაკეთებას, რაც კოვიდის გამო ვერ მოვახერხე.
გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩვენთვის პროექტში გამარჯვება, რომლის დამსახურებითაც გაცილებით მალე მივაღწიეთ ყველა დასახულ მიზანს და პანდემიის მიუხედავად, შევძელით ღვინის რეალიზაცია. სამომავლოდ რამდენიმე კომპანიასთან თანამშრომლობას ვგეგმავთ, ექსპორტზეც სი’ამოვნებით გავიტანთ ჩვენს ელექსირებს. რაც მთავარია, ვეცდებით, ყოველთვის სანტერესო, გამორჩეულ ღვინის ბრენდთან და სი’გემრიელესთან ვასოცირდებოდეთ”, – ამბობს მარიამ მიროტაძე.
ახალგაზრდა მეღვინე ახლა ფიქრის ეტაპზეა. მისი ოცნებაა ხის კოტეჯის აშენება, სადაც სტუმრების მიღებას და თავისი ღვინის ელექსირებით გამასპინძლებას შეძლებს.
„ამ პროექტიდან დამოუკიდებლად საქმის მართვა, პროექტის წერა და თავდაჯერებულობა ვისწავლე“
ქეთევან წვერავა პროექტის ყველაზე პატარა გამარჯვებულია, რომელიც ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს სალაშქრო ინვენტარის გაქირავების სერვისს შესთავაზებს.
ქეთევანიც, სხვა ქალების მსგავსად, კოვიდ 19-თან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო, ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. პანდემიის გამო ტურისტული ნაკადების შეწყვეტა მის სერვისზეც პირდაპირ აისახა. თუმცა, იმედი აქვს, რომ მალე ვითარება შეიცვლება და თავისი ჩანაფიქრის განხორციელებას შეძლებს.
„„ჩემი ოჯახი წლების განმავლობაში ეწევა საოჯახო სასტუმროს ბიზნესს. ენის ბარიერის გამო მე მიწევს უცხო ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებთან კონტაქტი და ნამდვილად საჭირო გახდა ახალი სერვისის დამატება, რაც სალაშქრო ინვენტარის გაქირავებას გულისხმობს. მოგეხსენებათ, ლაგოდეხში ტურისტები სალაშქროდ ჩამოდიან – ნაკრძალისა და ჩანჩქერების მოსანახულებლად. ამისთვის ნამდვილად საჭიროა ნივთები, რომელიც ძალიან რთულია, მოგზაურობისას გაითვალისწინო და ატარო.
ჩემი სერვისი სწორედ საფეხმავლო ტურიზმის მოყვარულ ადამიანებზეა გათვლილი. მაქვს სათევზაო ინვენტარიც, რომელიც მეთევზეებსა და მოყვარულებს გამოადგებათ. მსგავსი სერვისი ჩვენ მახლობლად არ არის. პანდემიამ მნიშვნელოვნად შეგვაფერხა, თუმცა, დრო არ დამიკარგავს, ჩავერთე პროექტში და გამარჯვების შემდეგ შევიძინე სალაშქრო ინვენტარი და აღჭურვილობა. ჩემი ასაკიდან გამომდინარე, დამოუკიდებელი ბიზნესი არასდროს მქონია. ამ პროექტიდან კი დამოუკიდებლად საქმის მართვა, პროექტის წერა და თავდაჯერებულობა ვისწავლე,“ – ამბობს ქეთევანი.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი მიიჩნევს, რომ, განვითარების პარტნიორებთან და სახელმწიფო პროგრამებთან ერთად, ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის ადგილობრივმა თვითმმართველობამაც უფრო მეტი უნდა გააკეთოს.
ამავე თემაზე წაიკითხეთ: გრანტი ქალებისთვის ბიზნესის დასაწყებად – სიღნაღელი და დედოფლისწყაროელი ქალები პანდემიით გამოწვეულ კრიზისს GIZ-ის მხარდაჭერით გაუმკლავდებიან
„გენდერული მეინსტრიმინგის გათვალისწინება მნიშვნელოვანია ყველა ასპექტში – მუნიციპალიტეტი იქნება, თუ ცენტრალური ხელისუფლება. მათ მიერ დაგეგმილი და განხორციელებული პროექტები უნდა პასუხობდეს გენდერულ საჭიროებებს. ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტების მიერ ბიზნესების ხელშეწყობის ღონისძიებების განხორციელება. ასეთი ჩართულობის შესაძლებლობა არსებობს: მუნიციპალიტეტმა წარმოების წახალისებისთვის პლატფორმა უნდა მოამზადოს, ადგილობრივი პროდუქციის რეალიზებისთვის ადგილები გამოყოს, საგამოფენო სივრცეები მოაწყოს, ტურისტულ ადგილებში ბაზრობისთვის ინფრასტრუქტურა გამართოს, რომლის მოვლა-პატრონობაზე მუნიციპალიტეტი თავად იზრუნებს. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. მეორე საკითხია მცირე გრანტებით დახმარება, რაც განვითარების პარტნიორებისა და სახელმწიფო პროგრამების – „აწარმოე საქართველოსა“ და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს პროგრამებით ხდება“, – ამბობს მინისტრის მოადგილე.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ჯამში სულ 3 ბიზნესიდეა დაფინანსდა. მთლიანად პროგრამის ფარგლებში კი, რომელიც ლაგოდეხთან ერთად, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ხორციელდებოდა, 12 საუკეთესო ბიზნესგეგმის ავტორმა გაიმარჯვა, მათგან 9 სტარტაპია.
სამივე მუნიციპალიტეტში ქალთა ბიზნესის ხელშეწყობისთვის გამოყოფილი გრანტის ფარგლებში კონკურსში გამარჯვებულმა ქალებმა, GIZ-ისა და პროექტის პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციის – „მომავლის ფერმერის“ მხარდაჭერით, სხვადასხვა ინვენტარი და შენობა-ნაგებობების ასაშენებლად საჭირო სამშენებლო მასალები შეიძენეს.
ამავე თემაზე წაიკითხეთ: „ცხოვრებაში პირველი პროექტი დავწერე და გავიმარჯვე“ – GIZ-ის პროექტი, რომელმაც დედოფლისწყაროელ ქალებს ბიზნესის დაწყების შესაძლებლობა მისცა
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერა ერთ-ერთია, რაც GIZ-მა საქართველოში განახორციელა. ეს ორგანიზაცია, თითქმის 30 წელია, ქვეყანას, მათ შორის, ადგილობრივ დონეზე, დემოკრატიულ განვითარებაში ეხმარება. გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დავალებით, GIZ საქართველოს კარგი მმართველობის, დემოკრატიის, მდგრადი ეკონომიკური განვითარების, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მიმართულებით 1992 წლიდან ეხმარება. 2020 წლის 1 აპრილიდან GIZ-მა დაიწყო ახალ პროგრამის განხორციელება – „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“. საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროსთან სტრატეგიული თანამშრომლობით, პროგრამა ხელს უწყობს მოქალაქეზე ორიენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული განვითარების სფეროების რეფორმირების პროცესს. მისი მიზანია, დაეხმაროს საჯარო დაწესებულებებს ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე საჯარო სერვისების უკეთ მიწოდებასა და მოქალაქეთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში.
სტატია მომზადებულია გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ მხარდაჭერილი პროექტის – “კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში. GIZ არ იღებს პასუხისმგებლობას სტატიის შინაარსობრივ სისწორესა და მასში გამოთქმულ მოსაზრებებზე.