აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, ქუთაისის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტის – „ქუთაისი 2040 განვითარების ხედვა“ განხილვა და შენიშვნა-მოსაზრებების მოსმენა გაიმართა.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, შეხვედრას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
მერიის ცნობით, დოკუმენტზე შპს „დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრი გეოგრაფიკი“-სა და საქართველოს არქიტექტორთა კავშირის გუნდმა იმუშავა. შეხვედრა საჯარო იყო და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლო.
„ამ ეტაპზე ქუთაისში პირველი შეხვედრაა, სადაც ჩვენი ქალაქის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტის განხილვა ხდება. შეხვედრა საჯარო იყო, ინფორმაცია წინასწარ გავავრცელეთ და ყველა დაინტერესებული მხარე დაესწრო. შემდეგ ეტაპზე, შემსრულებელი ორგანიზაცია გაითვალისწინებს აქ გამოთქმულ შენიშვნებსა და მოსაზრებებს. დოკუმენტის საბოლოოდ ჩამოყალიბებამდე ისევ გაიმართება განხილვები“,- განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.
„დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრი გეოგრაფიკი“-ის ხელმძღვანელის გიორგი გოცირიძის თქმით, მსგავსი საჯარო შეხვედრები ქუთაისში კიდევ გაიმართება. დოკუმენტზე მუშაობა კი გრძელდება.