ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ გავრცელებული კვლევის შედეგებს ეხმაურებიან, სადაც 2020 წელს გაცემული პრემიებსა და დანამატებზეა საუბარი.
„მოგახსენებთ, რომ 2020 წლის განმავლობაში, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებზე და ადმინისტრაციაში დასაქმებულ მოხელეებზე, ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისათვის დანამატები, აღნიშნულ პერიოდში მოქმედი საკანონმდებლო ნორმების სრული დაცვით, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლისა და 34-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად გაიცა.
გარდა ამისა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის ზვიად ჭუნაშვილის 2020 წლის თანამდებობრივი სარგოს-დანამატის შესახებ, არ შეესაბამება სინამდვილეს – ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში დანამატის ოდენობა განსაზღვრულია 10 050 ლარით, რეალურად კი აღნიშნული, ჯამში შეადგენს 6 250 ლარს“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.