არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” სახელმწიფო რწმუნებულების 2020 წელს გაწეული ხარჯების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
“„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” შეისწავლა სახელმწიფო რწმუნებულის ცხრა ადმინისტრაციის მიერ 2020 წელს გაწეული ხარჯები, რამაც ჯამურად 5,182,978 ლარი შეადგინა.
კვლევაში თავმოყრილია მონაცემები გაცემული შრომის ანაზღაურების, ჯილდოს/პრემიის და სახელფასო დანამატის, ასევე ადმინისტრაციების მიერ სატელეფონო კომუნიკაციაზე, მივლინებებზე, საწვავზე, ავტომობილების შეკეთება/დიაგნოსტიკაზე გაწეული და წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ.
ძირითადი მიგნებები:
- 2020 წლებში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში გაცემულმა შრომის ანაზღაურებამ 4,297,151 ლარი შეადგინა, რაც 49,459 ლარით მეტია 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (4,247,692 ლარი) შედარებით;
- ამავე პერიოდში დანამატის, ჯილდოსა და პრემიის სახით ჯამში 65,920 ლარი გაიცა, რომლის ძირითადი ნაწილი – 56,370 ლარი ქვემო ქართლის ადმინისტრაციაზე მოდის;
- ადმინისტრაციებს ჯამში ჰყავთ 80 ავტომობილი, რომელთა შეკეთება/დიაგნოსტიკაზე 270,017 ლარი დაიხარჯა, რაც 17,834 ლარით აღემატება 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (252,183 ლარი);
- სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებმა საწვავის შესაძენად 2020 წელს 454,428 ლარი დახარჯეს და შეისყიდეს 254,413 ლიტრი საწვავი; ყველაზე მეტი საწვავი, წინა წლების მსგავსად, სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციამ მოიხმარა – 46,327 ლიტრი, ჯამური ღირებულებით 82,660 ლარი; თანამდებობის პირებს შორის ყველაზე დიდი ოდენობით საწვავი (9,868 ლიტრი) გურიის, აწ უკვე ყოფილმა სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ გახარჯა;
- სატელეკომუნიკაციო ხარჯებმა 2020 წელს 47,442 ლარი შეადგინა, მივლინებებზე კი 19,628 ლარი დახარჯა;
- წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის (კვებისა და რესტორნის მომსახურება, სასმელი პროდუქტების შეძენა და ა.შ.) სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებმა 2020 წელს 28,392 ლარი გაიღეს.
„სახელმწიფო რწმუნებულის“ ინსტიტუტი საქართველოში 1990-იანი წლებიდან მუშაობს. მისი ძირითადი ფუნქცია მუნიციპალიტეტებში მთავრობის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა, ასევე ცენტრსა და თვითმმართველობებს შორის მაკოორდინირებელი საქმიანობაა, თუმცა არსებული პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ „სახელმწიფო რწმუნებულების“ (წარსულში გუბერნატორი) გავლენა მუნიციპალიტეტებზე მაღალია, ხშირად ერევიან პირდაპირი წესით არჩეული მერების და საკრებულოების საქმიანობაში და მნიშვნელოვნად ზღუდავენ მათ დამოუკიდებლობას. დეცენტრალიზაციის დაბალი დონის პირობებში კი „სახელმწიფო რწმუნებულის“ ინსტიტუტი ცენტრალური ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი ბერკეტია მუნიციპალიტეტებზე ფორმალური თუ არაფორმალური კონტროლის განსახორციელებლად.
თანამშრომელთა რაოდენობა:
სახელმწიფო რწმუნებულის 9 ადმინისტრაციაში 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 275 ადამიანია დასაქმებული, 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კი ერთით მეტი – 276 ადამიანი მუშაობდა.
შრომის ანაზღაურება:
- 2020 წელს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში შრომის ანაზღაურების სახით ჯამში 4,297,151 ლარი გაიცა;
- ამავე პერიოდში დანამატის, ჯილდოსა და პრემიის სახით ჯამში 65,920 ლარი გაიცა, რომლის ძირითადი ნაწილი – 56,370 ლარი ქვემო ქართლის ადმინისტრაციაზე მოდის;
- 2020 წელს დანამატი, ჯილდო და პრემია არ გაუციათ გურიის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის ადმინისტრაციებში;
- 2020 წელს გაცემული შრომის ანაზღაურება ჯამში 49,459 ლარით აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს, თუმცა მნიშვნელოვნად შემცირდა ჯილდოსა და სახელფასო დანამატის მოცულობები;
- ჯილდო და დანამატი ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეების ზვიად ჭუნაშვილისა და კახაბერ კობერიძის გარდა, არც ერთ სხვა რწმუნებულსა და თანამდებობის პირს არ აუღია. ჭუნაშვილმა ჯილდოსა და დანამატის სახით მიიღო ჯამში 10,050 ლარი, კობერიძემ კი დანამატის სახით – 4,000 ლარი.
სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების თანამდებობის პირთა მიერ მიღებული შრომის ანაზღაურებისა და პრემიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ცხრილში.
ავტომობილები და მათი შეკეთების ხარჯები
- სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციები 2020 წელს სულ 80 ავტომობილით სარგებლობდნენ. მათგან 7 ავტომობილი ამორტიზებული იყო და შვიდივე სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციაში;
- ყველაზე მეტი, 12-12 ავტომობილია სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების სარგებლობაში;
- სულ ავტომობილების რეაბილიტაციაზე 2020 წელს 270,017 ლარი დაიხარჯა.
საწვავი:
- 2020 წელს სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციებმა 245,413 ლიტრი საწვავი (245.4 ტონა) გახარჯეს
- გახაჯრული საწვავის ჯამური ღირებულება 454,428 ლარია;
- სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციებს შორის ყველაზე მეტი საწვავი, წინა წლების მსგავსად, სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციამ მოიხმარა – 46,327 ლიტრი, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 82,660 ლარი შეადგინა
სახელმწიფო რწმუნებულები ყოველთვიურად 400-დან 1200 ლიტრამდე საწვავს მოიხმარენ. 2020 წელს თანამდებობის პირებს შორის ყველაზე დიდი ოდენობით საწვავი (9,868 ლიტრი) გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ გახარჯა.
სახელმწიფო რწმუნებულების მიერ გახარჯული საწვავის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ცხრილში.
სატელეკომუნიკაციო და სამივლინებო ხარჯები:
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებმა სატელეფონო კომუნიკაციებზე 2020 წელს 47,442 ლარი გახარჯეს. აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ სატელეფონო კომუნიკაციის ხარჯებში გააერთიანა ტელევიზიის, შიდასაქალაქო ტელეფონის და ინტერნეტის ხარჯები, შესაბამისად ქვემო ქართლის მონაცემები ყველა ამ ხარჯს მოიცავს.
ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მივლინებებზე კი 19,628 ლარი გახარჯეს.
წარმომადგენლობითი ხარჯები:
- სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებმა 2020 წელს წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის, მათ შორის რესტორნის მომსახურებაზე, ასევე საოფისედ სასმელი პროდუქტების (წყალი, ჩაი, ყავა) შესაძენად 28,392 ლარი გაიღეს.