საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატება თვალსაჩინოა.
მისივე თქმით, აუცილებელია, ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების აღსრულებაზე კონტროლი გამკაცრდეს.
„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შემთხვევების მატება თვალსაჩინოა. ასევე, თვალსაჩინოა ისიც, რომ დადებითობის მაჩვენებლიც იმატებს და ზღვრულ ორ პროცენტს უახლოვდება, რომელიც ჩავთვალეთ, რომ იქნებოდა ის ზღვარი, რომლის ზემოთაც შემთხვევების მატების ტენდენცია უკვე გარკვეულწილად საგანგაშო მაჩვენებელია. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ აუცილებელია, გამკაცრდეს იმ რეგულაციების აღსრულება, რაც უკვე არის დაწესებული. პირველ რიგში, მოიაზრება ინდივიდუალური დაცვის საშუალებები – პირბადე, დისტანცირება და ბიზნესგარემოში წესების ზედმიწევნით კარგად დაცვა. ნიღბის გამოყენების მაჩვენებელი იყო გარკვეულწილად შემცირებული, თითქმის 40 პროცენტამდე. ბოლო პერიოდის მონაცემები მიუთითებს, რომ ოდნავი გაუმჯობესება აღინიშნება, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დაცვის საშუალება. იმისათვის, რომ შემთხვევების შემდგომი ესკალაცია თავიდან ავიცილოთ ინდივიდუალურ დონეზე, პირბადის გამოყენებას აქვს უპირველესი მნიშვნელობა. ასევე, ბოლო პერიოდში, გასული კვირიდან იმ დასახლებულ პუნქტებში, სადაც განსაკუთრებით მოიმატა შემთხვევებმა, გურიის რეგიონში, შიდა ქართლში, იმერეთის ზოგიერთ სოფელში, დაიწყო გაფართოებული და აქტიური ტესტირება ადგილებზე და ეს არის ჩვენთვის მთავარი მექანიზმი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
რაც შეეხე შეზღუდვების გამკაცრების საკითხს, გაბუნია ამბობს, რომ გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე იქნება დამოკიდებული. მისივე თქმით, ფართომასშტაბიანი შეზღუდვების აუცილებლობა ჯერჯერობით არ არსებობს.
„ამასთან დაკავშირებით ჩვენი პასუხი დამოკიდებული იქნება ეპიდემიურ სურათზე, მაგრამ ჯერ ის შეზღუდვები, რომლებიც ძალაშია, საკმაოდ კარგი პოტენციალის მატარებელია და მთავარია, აღსრულება. ეს პასუხისმგებლობა ორმხრივია როგორც მოქალაქის, ასევე მაკონტროლებლის დონეზე. მთავარი აქცენტი გაკეთდება, რომ დაწესებული შეზღუდვები არ დაირღვეს, რათა თავიდან ავიცილოთ შემდგომი შეზღუდვების და ფართომასშტაბიანი შეზღუდვების აუცილებლობა. ჯერ ამგვარი ფართომასშტაბიანი შეზღუდვების აუცილებლობა ნამდვილად არ დგას. დღეს მთავარია ყურადღების გაძლიერება იმ წესების დაცვაზე, რომლებიც მოქმედებს. ეს წესები თუ არ დაირღვევა, ნამდვილად არ დაგვჭირდება ფართომასშტაბიანი შეზღუდვები არც 15 აპრილიდან და არც წინასააღდგომოდ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.