ბათუმის მერია: “იაფ სახლში” ბინის მსურველთა განცხადებების მიღების მეორე ეტაპი დაიწყო

808

“ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღების მეორე ეტაპი დაიწყო და 28 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, პროგრამა გულისხმობს ე.წ იაფ სახლში იზოლირებული, კეთილმოწყობილი ბინების გადაცემას დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შერჩეული ოჯახებისთვის, 15 წლის განმავლობაში, ბინის თვითღირებულების ქირის სახით დაფარვისა და ბინის საბოლოო გამოსყიდვის უფლებით.

ბათუმის მერის მოადგილის განცხადებით, პირველ ეტაპზე 248 განაცხადიდან, შეირჩა 116. ლელა სურმანიძის განმარტებით, მიმდინარეობს საბოლოო შერჩევის ეტაპი, გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია, რომელიც  აპლიკანტი ოჯახების კვლევას ჩაატარებს და საბოლოოდ მიანიჭებს სარეიტინგო ქულებს.

“პარალელურად დაიწყო “ხელმისაწვდომი საცხოვრისის” პროგრამის მეორე ეტაპი და მე მინდა მივმართო დაინტერსებულ პირებს შეაგროვონ შესაბამისი დოკუმენტაცია და მიმართონ მერიას”-განაცხადა ლელა სურმანიძემ.

აპლიკანტებმა შესაბამისი დოკუმენტაცია ფაქტობრივი მისამართის მიხედვით, მერიის სერვისცენტრებში უნდა წარადგინონ. პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია მერიის სერვისცენტრებში ან მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე.