ქუთაისის სოციალურ საცხოვრისში ცხოვრების ვადა 5-დან 2-წლამდე მცირდება

558

ქუთაისში საცხოვრებლის არმქონე პირებს მერია ბინას ხუთის ნაცვლად ორი წლით შესთავაზებს. ბენეფიციარების სოციალურ საცხოვრისში ცხოვრების ხანგრძლივობა მათივე სარეიტინგო ქულებზე იქნება დამოკიდებული, რომელთა დაჯამებაც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ მოხდება. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს. 

სოციალურ -ეკონომიკური მაჩვენებლების გადამოწმებას დაექვემდებარებიან ის ადამიანებიც, რომლებიც საცხოვრისში ხუთწლიანი პირობით შესახლდნენ. მერია ახლა აცხადებს, რომ 2017 წელს, როცა საცხოვრისი გაიხსნა, დოკუმენტებში ტექნიკური ხარვეზი იყო. საბინაო სამსახურის უფროსი ამბობს, რომ დებულების მიხედვით შენობაში ცხოვრების ვადა ხუთი წლით იყო განსაზღრული, თუმცა, სხვა ინფორმაცია იყო მერიასა და ბენეფიციარს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში.

“დებულებაში იყო ხუთი წელი განსაზღვრული, თუმცა, ხელშეკრულება ითვალისწინებდა ორწლიან ვადას.  ეს იყო გარკვეული შეუსაბამობა, ტექნიკური ხარვეზი, რაც ჩასწორდა. ამიერიდან ორი წელი იქნება ვადა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მათი ცხოვრების ხანგრძლივობა. სოციალური სააგენტო ორ წელიწადში ერთხელ ამონიტორინგებს ბენეფიციარებს. ასევე, გადამოწმდება ცხოვრობენ თუ არა ისინი მუდმივად იქ. თუ ბენეფიციარი 10 დღის განმავლობაში მიატოვებს ბინას, ჩაითვლება, რომ ის არ საჭიროებს საცხოვრებელს და კომისიაზე მოხდება მისი საკითხის განხილვა”, – განაცხადა საბინაო სამსახურის უფროსმა ჯონი არაბიძემ.

მისი თქმით,  სოციალურ სააგენტოში უკვე გაგზავნილია მოთხოვნა ბენეფიციარების სარეიტინგო ქულების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, რის შემდეგაც გადაწყდება ვინ აკმაყოფილებს იქ ცხოვრების კრიტერიუმს. იმისთვის, რომ პირმა თავშესაფარში ცხოვრების უფლება მიიღოს, მისი სარეიტინგო ქულა არ უნდა აღემატებოდეს 110 000 – ს. ქუთაისის სოციალურ საცხოვრისში, დროისთვის 82 ოჯახი, სულ 440 ადამიანი ცხოვრობს.

პარალელურად, ქუთაისის მერია მეორე საცხოვრისს აწყობს გუგუნავს ქუჩაზე. ყოფილი ქარხნის შენობის რეკონსტრუქცია ბიუჯეტს 500 000 ლარი დაუჯდება. ახალი საცხოვრისი 70 ოჯახზე იქნება გათვლილი.