სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მარტის ბოლომდე 10 სახელმწიფო საწარმოს აუქციონის გამოცხადება იგეგმება, შემდგომ კი, წლის ბოლომდე ეტაპობრივად 50-მდე საწარმოს საპრივატიზაციოდ გამოტანაა დაგეგმილი. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.
საქმე ისაა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით, სამთავრობო პროგრამა – „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფართოვდება.
პროექტის მიხედვით, მთავრობა კერძო სექტორს, დაახლოებით, 300 მილიონი ლარის ღირებულების უძრავ ქონებას და აქტივებს შესთავაზებს.
“ვიწყებთ არასტრატეგიული სახელმწიფო საწარმოების პრივატიზებას. საუბარია საწარმოებზე, რომლებიც არ არიან სტრატეგიული მნიშვნელობის და ისინი გაიყიდებიან, რათა მათი ეფექტიანობა ამაღლდეს. პირველი 10 საწარმო უკვე არის შემოთავაზებული”, – განაცხადა დღეს ეკონომიკის მინისტრმა.
10 სახელმწიფო საწარმო, რომელსაც მთავრობა მარტის ბოლომდე გასაყიდად გამოიტანს
1. შპს “ზუგდიდის ფარმაცია” (ს/ნ 219984596) 100% წილი
2. შპს ,,თბილისის N1 სტომატოლოგიური პოლიკლინიკა” (ს/ნ 204379074) 100% წილი
3. შპს ,,დეზინფექციის, დეზინსექციის დერატიზაციისა და სტერილიზაციის სპეციალიზირებული ეპიდზედამხედველობის ცენტრი” (ს/ნ: 211327410) 100% წილი
4. სს „ცეკავშირის ზუგდიდის სასურსათო კომბინატის“ (ს/კ 219983908) 27 246 აქცია, კომპანიის კაპიტალის 51 % წილი
5. შპს “საზღვაო ტექსერვისი” (ს/კ 245431206) 100% წილი
6. სს ,,ხაშურის მინის ტარა” (ს/ნ: 243855734) 633 211 აქცია, კომპანიის კაპიტალის 23,0935% წილი
7. შპს „დემეტრე 96“-ის (ს/ნ 205221614)100 % წილი
8. შპს ,,ჭიათურის ავტოსადგური’’ (ს/კ 215592446) 49% წილი
9. შპს „თერმული წყლები“ (ს/კ 404419214)100 % წილი
10. შპს უნიონი (ს/კ 225379587)20 % წილი.