რუსთავში, მეშვიდე მიკრორაიონში ყოფილი საგადასახადოს შენობა სხვისდება

715

რუსთავში, მეშვიდე მიკრორაიონში ყოფილი საგადასახადოს შენობა სხვისდება. საკითხს საკრებულოზე კენჭი ეყარა და ახლო მომავალში აუქციონიც გამოცხადდება. ამის შესახებ ინფო რუსთავი წერს. 

ქალაქის მერიას 4760 მ² ფართის ობიექტი, რომლის ღირებულებაც 1 427 200 ლარია, აუქციონზე რამდენიმე პირობით გააქვს. გამარჯვებულმა კომპანიამ 10 000 000 ლარის ინვესტიცია 3 წელსა და 6 თვეში უნდა განახორციელოს.

როგორც მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, გია ანთაურმა “ინფო რუსთავს” განუცხადა, აუქციონში გამარჯვებული გადაწყვეტს, არსებულ მიწის ნაკვეთზე შენობას რეკონსტრუქციას ჩაუტარებს თუ დემონტაჟს.

“ვალდებულებაში ჩაიწერება და სამომავლოდ აუქციონის გამოცხადების დროს განისაზღვრება, რაც საპრივატიზებო გეგმაში წერია, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე და ტერიტორიაზე უნდა მოხდეს ან რეკონსტრუქცია, ან მშენებლობა. ჩვენ არ ვაყენებთ პირობას ცალსახად, რომ იქ მაინცდამაინც მოხდეს შენობის რეკონსტრუქცია ან მისი დაშლა და სხვა შენობის განთავსება. უნდა განახორციელოს 10 000 000 ლარის ინვესტიცია იმ ტერიტორიაზე არსებული ფუნქციური ზონის შესაბამისად”,- განაცხადა გია ანთაურმა.

გარდა ამ ტერიტორიისა, საკრებულოზე საკითხის გატანის დროს კენჭი ეყარა 21-ე მიკრორაიონში 3 ობიექტის აუქციონზე გატანას, რომელთა ფართობიც ჯამში 1627  მ²-ია, ხოლო ღირებულება 65 080 ლარი.