ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი მეორე დღეა შიმშილობს და სამინისტროსგან საჯარო ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს. მას აინტერესებს რას ხმარებდა თანხა, რომელსაც ბიუჯეტიდან “ახალგორის საავადმყოფოს” ურიცხავენ.
“ჩემი მოთხოვნაა მივიღო საჯარო ინფორმაცია – რას ხმარდება თანხა, რომელიც საქართველოს ბიუჯეტიდან ირიცხება შ.პ.ს. “ახალგორის საავადმყოფო”-ს ანგარიშზე.
რატომ მაინტერესებს?- მე იმ რამდენიმე ადამიანს შორის ვარ, ვინც აქ ცხოვრობს და არ აქვს დევნილის დახმარება – არც კოტეჯი მიმიღია, არც ფულადი კომპენსაცია და არც სოციალური დახმარება მაქვს. სწორედ მე და იმ რამდენიმესთვის უნდა იხარჯებოდეს ბიუჯეტის თანხა, რომელიც თითქოს ახალგორის საავადმყოფოს მუშაობას უწყობს ხელს. სამწუხაროდ, არანაირ დახმარებას არ ვიღებ – ექიმს ფულს ვუხდი, წამალს თავად ვყიდულობ… რაც უფასოდ მიმიღია- ცხინვალი აფინანსებს. რაში იხარჯება ბიუჯეტის თანხა- ამის გაგებას ვცდილობ. შიმშილობამდე გამოვითხოვე საჯარო ინფორმაცია და არ მომცეს”, – წერს მეარაყიშვილი.
მეარაყიშვილი წერს, რომ ვერ შეაშინებენ, მოისყიდიან ან გააჩუმებენ. მისივე ინფორმაციით, ყველა ვინც 2017 წელს ვინც აღნიშნული საკითხით დაინტერესდა, ახალგორის პოლიციის სამმართველოში დაიბარეს “უფროსის დამცინავი მიმართვების მოსმენა მოუწიათ კაბინეტში, სადაც საწოლი ოთახი ჰქონდა მოწყობილი”.