მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში მილიონზე მეტი მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა

617

მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, 2016 წლიდან დღემდე, როგორც სპორადული, ისე სისტემური რეგისტრაციის წესით, ჯამში, მილიონზე მეტი მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კანონი, რომელმაც მიწის რეგისტრაცია მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადა, 2016 წლის 1 აგვისტოდან მოქმედებს.

„გამარტივებულმა პროცედურებმა, სრულიად უფასო სარეგისტრაციო მომსახურებამ და მიწის მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის ცნების გაფართოებამ, მოსახლეობას მნიშვნელოვნად გაუადვილა მიწის რეგისტრაციის პროცესი.

ნუ გადადებთ, თუ გაქვთ დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დახმარებით, მის დარეგისტრირებას უფასოდ, მარტივად და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლებთ“, – ნათქვამია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.