ქუთაისის გენგეგმა, რომელსაც ქალაქი 30 წელზე მეტია ელოდება, სპეციალისტებმა თბილისში განიხილეს. შეხვედრა “საქართველოს არქიტექტორთა კავშირის” ინიციატივით დედაქალაქში გაიმართა. განხილვას ქუთაისის მერიც ესწრებოდა. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
“დაინტერესებული მხარეები თბილისში შევიკრიბეთ და განვიხილეთ გენერალური გეგმის ხედვის ეტაპზე წარმოდგენილი დოკუმენტაცია. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ რაც შეიძლება ბევრი ქუთაისელი ჩაერთოს ამ განხილვებში და მათ თავად გადაწყვიტონ, როგორი უნდა იყოს ქუთაისი მომდევნო 20 წლის მანძილზე”, – წერს იოსებ ხახალეიშვილი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.
ქუთაისის არქიტექტურის სააგენტოს ხელმძღვანელი, რუსუდან ჩინჩალაძე ამბობს, რომ თბილისში შეხვედრა იმის გამო შედგა, რომ “არქიტექტორთა კავშირი” რომლის მიერაც იყო ორგანიზებული განხილვა, ასაკოვანი სპეციალისტებით არის დაკომპლექტებული. ამის გამო, ისინი ქუთაისში ჩამოსვლას ვერ შეძლებდნენ.
“ესენი არიან ძალიან საპატივცემულო, ასაკში მყოფი სპეციალისტები, რომელთა ქუთაისში ჩამოსვლა არც განიხილებოდა. ისინი ამას ფიზიკურად ვერ შეძლებდნენ. რაც შეეხება განხილვას, ეს იყო გენგეგმის პირველი ეტაპის დოკუმენტაციაზე მსჯელობა, რომელიც სრულად არის ტექნიკური. 14 შეხვედრა გვაქვს უკვე ქუთაისში ჩატარებული და რატომღაც ამით არ დაინტერესებულა მედია”, – განაცხადა რუსუდან ჩინჩალაძემ.
მისი თქმით, ქუთაისის გენგეგმა მზადების პირველ ეტაპზეა. განხილვის პროცესში მოქალაქეების ჩართულობა კი მას შემდეგ მოხდება, რაც დოკუმენტში საბოლოო ხედვა იქნება ჩამოყალიბებული. ქალაქის ურბანული განვითარების მთავარი დოკუმენტი პირველ ეტაპზე ქუთაისის ბიუჯეტს 600 000 ლარამდე უჯდება. პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, გენგეგმის პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდება. გეგმა ქუთაისმა წლის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს.
ქუთაისს გენერალური განვითარების გეგმა 1984 წლიდან არ ჰქონია.