ქარელის ბაგა-ბაღების მომმარაგებელ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტეს

628

ქარელის 18 საბავშვო ბაღს “დეველოპმენტ გრუპმა” საკვები პროდუქტები თავდაპირველად ვადის დარღვევით, ეტიკეტისა და ვადის გარეშე მიაწოდა. ბოლოს კი საბავშვო ბაღებისთვის საკვები საერთოდ არ მიუტანია, რის გამოც ბაგა-ბაღების მომმარაგებელ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტეს.

აღნიშნული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორმა, ნინო მეზვრიშვილმა სატენდერო სხდომა გამართა და 25 მარტის სხდომაზე, მიმწოდებელ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა. ამასთან, იქვე აღინიშნა, რომ “დეველოპმენტ გრუპი” მსგავსი სახის დარღვევების თაობაზე, ორჯერ იყო გაფრთხილებული.

ცნობისთვის, კომპანიასთან საკვები პროდუქტების მიწოდების შესახებ ხელშეკრულება 2021 წლის 8 თებერვალს გაფორმდა. პირველი პარტია ბაღებმა 26 თებერვალს მიიღეს, მეორე პარტია – 2 მარტს.

2021 წლის 4 მარტს, საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ნინო მეზვრიშვილმა გამოსცა ბრძანება, სადაც წერია:

,,მოხსენებითი შემოვიდა დირექტორების ერთობლივი მოხსენებითი ბარათი, სადაც მათ მიერ აღნიშნულია, რომ მოთხოვნილი პროდუქტები კომპანიამ შეიტანა ეტიკეტების და მოხმარების ვადის გარეშე. ასევე შეტანილი პროდუქტს არ ახლდა შესაბამისი დოკუმენტაცია. აღნიშნული მომართვის საფუძველზე გაერთიანების სპეციალისტმა ლამარა წიქარიშვილმა მოხსენებითი ბარათით მიმართა გაერთიანების მმართველს, რის საფუძველზე მოხდა რეაგირება და შპს დეველოპმენტ გრუპ-ის ხელმძღვანელს მიეცა წერილობითი გაფრთხილება, ჩვენს მიერ გატარებულმა ღონისძიებამ არ გამოიღო არავითარი დადებითი შედეგი. 2021 წლის 12 მარტის მოთხოვნა საკვები პროდუქტებისა აღნიშნული ჯგუფის მიერ არ იქნა შესრულებული, საერთოდ არ შეიტანა საკვები პროდუქტები. რის გამოც საბავშვო ბაღის დირექტორებმა წერილობით მიმართეს გაერთიანებას, სადაც აღნიშნულია რომ კომპანიის მიერ არ მოხდა პროდუქტების შეტანა” – წერს ნინო მეზვრიშვილი.