„ორბაელიანი საქართველოს“ მიერ გამოცხადებული იდეების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. „აღმამედლოს სათემო ცენტრი“ ერთ-ერთია რომელმაც კონკურსში გამარჯვება მოიპოვა. პროექტის ფარგლებში სოფელ აღმამედლოში საჯარო ბიბლიოთეკის გახსნა იგეგმება. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
აღმამედლოს სათემო ცენტირს დამფუძნებელმა ზაქირ ეივაზლიმ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ აღმამედლოსა და მიმდებარე სოფლებში ბიბლიოთეკა არ არსებობს. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს კონკურსში მონაწილეობა და სოფელში ბიბლიოთეკის მოწყობა.
ეივაზლის თქმით, ბიბლიოთეკა გახსნის შემდგომ არა მარტო აღმამედლოს, არამედ მეზობელი სოფლების მოსახლეობასაც მოემსახურება. მისი განმარტებით, შექმნიან ისეთ პირობებს, რომ ბიბლიოთეკით არა მარტო ახალგაზრდები, არამედ ასაკოვანი ადამიანებიც ისარგებლებენ.
„აღმამედლოს სათემი ცენტრი“ უკვე ერთი წელია ფუნქციონირებს. ცენტრს 27 წევრი ჰყავს.
აღსანიშნავია, რომ იდეების კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველ ახალგაზრდებს პროექტი მათ თემში არსებული პრობლემის მოსაგვარებლად უნდა დაეწერათ. პროექტის შედგენა ქართულ და ინგლისურ ენებზე იყო შესაძლებელი. თითოეული მათგანის ღირებულება 5 000 ლარს შეადგენს.