რუსთავში დარჩენილი 15 ახალი ავტობუსიც შემოვიდა, – ამის შესახებ “ინფო რუსთავს” ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განუცხადა.
როგორც ქალაქის მერმა აღნიშნა, ამ დროისთვის ავტობუსებს ტექნიკური შემწმება უტარდებათ, რის შემდეგაც შეძლებენ მათ შესაბამის ხაზებზე დანიშვნას.
საინფორმაციო სააგენტომ ტაბაღუას ჰკითხა, შემცირდება თუ არა გაჩერებაზე მოლოდინის დრო მას შემდეგ, რაც დამატებით 15 ახალი ავტობუსიც ჩაერთვება სატრანსპორტო ქსელში. კითხვის საპასუხოდ ქალაქის მერი აცხადებს, რომ მოლოდინის დრო განახევრდება.
“მინდა დაგიდასტუროთ, რომ დარჩენილი 15 ავტობუსიც შემოსულია უკვე და შეივსო 40-მდე. უბრალოდ, ვალდებულება აქვს ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, ჩამოსული ავტობუსების ტექნიკური პარამატრები კიდევ ერთხელ გადაამოწმოს, ტესტ რეჟიმში ატაროს და ამის შემდეგ შეეძლება მუნიციპალიტეტს შესაბამის ხაზებზე გაყვანა.
მოლოდინის რეჟიმი თითქმის განახევრდება და იქნება სასურველი შედეგი. ზოგ ლოკაციაზე მოლოდინის რეჟიმი გახდება 4-დან 6 წუთამდე, ზოგან კი 6-დან 10 წუთამდე”, – განაცხადა რუსთავის მერმა.
აღსანიშნავია, რომ მგზავრების ნაწილი, ახალი ავტობუსის მოლოდინის რეჟიმის ხანგრძლივობის გამო, სოციალურ ქსელში უკმაყოფილებას გამოთქვამდა.
ინფორმაციისთვის, ქალაქში 40 ახალი ავტობუსის შემოყვანა ეტაპობრივად მოხდა. ბოლო ეტაპზე, დარჩენილი 15 ავტობუსის შემოყვანა განხორციელდა.