ფასადები, რომლებზეც მილიონზე მეტი დაიხარჯა, უკვე დაზიანებულია. თელავში ქეთევან წამებულის ქუჩაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ახლადდასრულებული აივნები უკვე იშლება, რის გამოც მოსახლეობა უკმაყოფილოა. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.
“სამუშაოები ერთი თვის წინ დაასრულეს. თითქოს რეაბილიტაცია ჩაუტარეს და უკვე იშლება. ნეტავ ერთხელ ვნახოთ, რომ რამე ხარისხიანად გააკეთონ. გვითხრეს, ხელახლა შევაკეთებთო და ჯერ არ გამოჩენილან,” – განაცხადა ერთ-ერთი ბინის მეპატრონემ.
თელავის მუნიციპლიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი დავით ქსოვრელიშვილი განმარტავს, რომ პრობლემის შესახებ სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას უკვე აცნობეს.
“შესაძლოა, წყალი შევიდა და დააზიანა. ამის შესახებ, უკვე ვაცნობეთ სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას და მათ ვალდებულება აქვთ, ხელახლა გააკეთონ, რაც დაზიანებულია”- განაცხადა ქსოვრელიშვილმა.
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაციაში 1.3 მილიონი ლარი ცენტრალური ბიუჯეტიდან დაიხარჯა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს”ბკ კონსტრაქშენმა” ჩაატარა.