ხოჯევანიშვილი: „ჩემი გუბერნატორობისას, კონფლიქტის ზონის ახალგაზრდებისთვისთვის NGO-ები არ აქტიურობდნენ “

880

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი საპარლამენტო კომისიის და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე, გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. 

გიორგი ხოჯევანიშვილმა ყურადღება ახალგაზრდების საჭიროებებზე გაამახვილა და ამ მიმართულებით არასამთავრობო სექტორს გააქტიურებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ახალგაზრდებზე ორიენტირებული აქტივობების მხარდაჭერა მხოლოდ სახელმწიფოს ვალდებულებას არ წარმოადგენს.

“საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ახალგაზრდებს მხარდაჭერა სჭირდებათ და ეს მხოლოდ სახელმწიფოს გასაკეთბელი არ არის. საჭიროა ისეთი აქტივობების მხარდაჭერა, ისეთი პროექტების, არაფორმალური განათლების მხარდაჭერა, რომელიც ახალგაზრდებზე იქნება ორიენტირებული. ამაში მნიშვნელოვანია არასამთავრობო სექტორის ჩართულობა. ამ მხრივ ნამდვილად არ იყო აქტიურობა იმ პერიოდში, როდესაც შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ვიყავი. ამ ტრიბუნიდან მინდა მოვუწოდო ისეთ ორგანიზაციებს, რომლებსაც რეალურად საქმის კეთება უნდათ, რომლებსაც დეოკუპაციის კუთხით რეალური ნაბიჯის გადადგმა უნდათ და ისეთი კარგი პრაქტიკის შექმნა სურთ, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე”, – აღნიშნა ხოჯევანიშვილმა.

გარდა ამისა, გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატი დათა ვანიშვილის დაკრძალვის დღეს მავთულხლართებთან მოქალაქეების შეკრებასაც გამოეხმაურა.

გიორგი ხოჯევანიშვილი ფიქრობს, რომ როგორც დათა ვანიშვილის მეუღლეს, ისე საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ სხვა ოჯახებსაც მხარდაჭერა სჭირდება, ამისთვის კი გარკვეული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო.

ხოჯევანიშვილის აზრით, საოკუპაციო ხაზთან მასშტაბური შეკრებებით მხარდაჭერის გამოხატვაზე რელევანტური ადგილობრივებისთვის დახმარების გაწევაა.

“საოკუპაციო ხაზთან ხშირად ჩვენ ვიღებთ ხოლმე გარკვეულ პერფორმანსებს და ვფიქრობ, რომ ასეთი პერფორმანსების მოწყობას ყოველთვის ჯობია, უჩუმრად მხარდაჭერის განხორციელება იქ მაცხოვრებელი ადამიანების მიმართ, რაც შეამსუბუქებს მათ ყოველდღიურ ყოფას”, – აღნიშნა ხოჯევანიშვილმა.