EU ხაშურის წყალმომარაგების რეაბილიტაციას €7.15 მლნ-იანი გრანტით დააფინანსებს

377

ევროკავშირი საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) მეშვეობით 7.15 მილიონ ევროს გამოყოფს ხაშურის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოდერნიზაციისთვის – შესაბამის ხელშეკრულებას ხელი დღეს მოეწერა.

ეს საგრანტო ხელშეკრულება ერთვის საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ გამოყოფილ საკრედიტო ხაზს, რომლის ჯამური მოცულობა 65 მლნ ევროს შეადგენს და რომლის მიზანსაც ხაშურის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია და გაფართოება წარმოადგენს.

ღონისძიებაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისის დირექტორი რაფაელ ჟოზანი და საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელის მონაწილეობდნენ.

პროექტი, რომელსაც საფრანგეთის განვითარების სააგენტო, ევროკავშირი და საქართველოს მთავრობა აფინანსებს, ითვალისწინებს ხაშურისა და მისი მიმდებარე დასახლებების (ზემო და ქვემო ოსიაურის, ცხრამუხას) წყალმომარაგებისა და ხაშურის წყალარინების სისტემის სრულ რეაბილიტაციას.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, აღნიშნული გრანტი ევროკავშირის მიერ დაფინანსდა.

„მთლიანობაში 63 მილიონი ევრო, ეს არის პროექტის ეს საორიენტაციო ღირებულება, რომელშიც ევროკავშირი, საფრანგეთის განვითარების სააგენტო და საქართველოს მთავრობა მონაწილეობენ. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა გამოხატულია ასევე, 7 მილიონ ევროზე მეტი გრანტრის სახით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამდაგვარი სამუშაოები წყალმომარაგების და წყალარინების არ განხორცილებულა“ ,- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, პროექტის ფარგლებში აშენდება სრულად ახალი წყალმომარაგების ქსელი, მათ შორის – მაგისტრალური გამანაწილებელი ქსელები, სატუმბი სადგურები და გამწმენდი ნაგებობები.

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ხაშურში ამ მასშტაბის სამუშაოები და პროექტი წყალმომარაგების და წყალარინების თვალსაზრისით არ განხორციელებულა. აშენდება წყალმომარაგების 186 კმ ახალი ქსელი, ასევე აშენდება 40 კმ წყალარინების ქსელი, არსებულს კი რეაბილიტაცია ჩაუტარდება“,- განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

ირაკლი ქარსელაძის თქმით, ხაშურის მოსახლეობის 24-საათიანი წყალმომარაგების პროექტი ქვეყნისთვის ისეთივე მასშტაბისაა, როგორიც გასულ წელს განხორციელდა ზუგდიდში, ქუთაისსა და ჭიათურაში. ამ პროექტის დასრულების შემდეგ უკვე ხაშურსაც ექნება სრულად მოწესრიგებული, თანამედროვე სტანდარტის მიხედვით აშენებული და გაუმჯობესებული წყალმოარაგების და წყალარინების სისტემები.

მინისტრმა ხაშურის 24-საათიანი წყალმომარაგების პროექტის ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა ევროკავშირს, საფრანგეთის საელჩოს, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს და პროექტის მოსამზადებელ საქმიანობაში ჩართულ გუნდს.

”ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ევროპის გუნდის (თეამ Eუროპე) პარტნიორთან, საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან (AFD) ერთად მხარს ვუჭერთ ხაშურის წყლის სექტორის ამ მნიშვნელოვან პროექტს. წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციით, პროექტი ადგილობრივად ხელს შეუწყობს მრავალი ადამიანის სიცოცხლის ხარისხისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას. ჩვენი საერთო ინვესტიციის წყალობით, გაუმჯობესდება ჩამდინარე წყლების მართვა და აღარ მოხდება მიმდებარე მდინარეებისა და ნიადაგის დაბინძურება, “- განაცხადა EU-ს ელჩმა კარლ ჰარცელმა.

”დღევანდელი ინვესტიცია, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს სესხის სახით, რომელსაც თან ერთვის ევროკავშირის გრანტი, ქალაქ ხაშურში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციისა და გაფართოების მიზნით აჩვენებს, თუ როგორ ახდენენ დასავლელი პარტნიორები საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების მობილიზაციას, რათა ხელი შეუწყონ საქართველოს განვითარებას. ჩვენ, ევროპის გუნდი (თეამ Eუროპე), საქართველოს მეგობრები ვართ ყველანაირ ამინდში, იქნება ის მზიანი, წვიმიანი, კარგი თუ რთული და ჩვენ მოხარული ვართ ვაჩვენოთ, რომ ქართველი ხალხის არჩევანს გახდეს უფრო ევროპელი, საქართველოსთვის მრავალი სარგებელი მოაქვს”, – განაცხადა საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა.

ამ დროისათვის, ხაშურსა და მიმდებარე დასახლებებს წყალი დღეში მხოლოდ რამდენიმე საათით მიეწოდება, ხოლო ჩამდინარე წყლები გაწმენდის გარეშე ჩაედინება ტრანსსასაზღვრო მდინარეში, რაც უარყოფითად აისახება გარემოზე, ადგილობრივ საქმიანობასა და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.

პროექტს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია (UჭშჩG), წყლისა და ჩამდინარე წყლების ინფრასტრუქტურის სახელმწიფო ოპერატორი ახორციელებს. პროექტი აძლიერებს UჭშჩG-ის ოპერაციულ შესაძლებლობებს წყლისა და ჩამდინარე წყლების ინფრასტრუქტურაში გაკეთებული ინვესტიციების მდგრადობის განმტკიცების მიზნით.

ევროკავშირის მიერ გამოყოფილი გრანტი ხელს შეუწყობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობის გაძლიერებას და დაეხმარება ქვეყანას სხვადასხვა სფეროს ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებაში, მათ შორის გარემოსა და კლიმატის დაცვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და რეგიონული განვითარების სფეროებში. პროექტი დაიწყო 2020 წელს და დასრულდება 2026 წელს.