ტიკარაძე: „კომენდანტის საათის” გაუქმება არ იგეგმება, ამის ფუფუნება არ გვაქვს

864

გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნა არ იგეგმება, რადგან არ გვაქვს ამის საფუძველი და ფუფუნება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს ოზურგეთში განუცხადა, სადაც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა.

ამასთან, ტიკარაძემ გურიაში არსებულ ეპიდვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგიონში საყურადღებო ეპიდვითარებაა. მისი თქმით, საჭიროა რეკომენდაციების დაცვა, რათა შეზღუდვები არ გამკაცრდეს.

„გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნა არ იგეგმება, ვინაიდან ჩვენ არ გვაქვს ამის საფუძველი და ფუფუნება, პანდემია კვლავ საქართველოშია ისევე, როგორც მსოფლიოში. ჩვენ ვაკვირდებით, რომ ევროპის ქვეყნებში მნიშვნელოვნად მიმდინარეობს გამკაცრებები, მაშინ, როდესაც საქართველოში მნიშვნელოვანი შემსუბუქება გვაქვს.

დავასახელე, რომ გურიის რეგიონში საყურადღებო ეპიდვითარებაა. სწორედ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ადგილზე გავივლით, რეკომენდაციებს მივცემთ, რომლის დაცვაც საჭირო და მნიშვნელოვანი იქნება, რათა გურიაში შეზღუდვები არ გამკაცრდეს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.