ფლანგვის დეტექტორი: ბოლნისის მერის სიძის კომპანიამ 4 მილიონის ტენდერი მოიგო, მათი 60% – უკონკურენტო გარემოში

597

ბოლნისის მერის, დავით შერაზადაშვილის სიძის, დავით ხმელიძის კომპანია “შპს დევეპლიუსი” წლებია ბოლნისის მუნიციპალიტეტის გარეგანათებას აკეთებს. შპს დევეპლუსმა ბოლოს 2020 წლის დეკემბერში გაიმარჯვა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გარეგანათების ტენდერში და სრულიად უკონკურენტო გარემოში 396,000-ლარიანი ხელშეკრულების მოპოვება შეძლო. ამის შესახებ ინფორმაციას ფლანგვს დეტექტორი ავრცელებს.  

ფლანგვის დეტექტორის ცნობით, მას შემდეგ, რაც ბოლნისის მერი დავით შერაზადაშვილი 2014 წელს პირველ თანამდებობაზე დაინიშნა, შპს “დევეპლიუსმა” 32 ტენდერიდან 26-ში გაიმარჯვა.

“ბოლნისის მერის, დავით შერაზადაშვილის სიძის, დავით ხმელიძის კომპანია შპს “დევეპლიუსი” უკვე რამდენიმე წელია ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქუჩების განათებაზე არის პასუხისმგებელი და შესაბამის ტენდერებსაც თითქმის 60% შემთხვევაში უკონკურენტოდ იგებს.

უკანასკნელი ტენდერი, რომელშიც შპს “დევეპლიუსმა” გაიმარჯვა, 2020 წლის დეკემბერში დასრულდა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ იყო გამოცხადებული. ხმელიძის კომპანიამ, სრულიად უკონკურენტო გარემოში, 396,000-ლარიანი ხელშეკრულების მოპოვება შეძლო და ამით აიღო ვალდებულება, რომ 2021 წელსაც ბოლნისის მუნიცაპილეტეტის ქუჩების გამნათებელი შპს “დევეპლიუსი” იქნება.

სრულიად უკონკურენტო იყო გარემო შპს “დევეპლიუსისთვის” 2019 წელსაც. კომპანიამ სამ ტენდერში მიიღო მონაწილეობა, სამივე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ იყო გამოცხადებული და დავით ხმალაძეს არც ერთ შემთხვევაში კონკურენტი არ ჰყოლია.

2019 წლის იანვარში შპს “დევეპლიუსმა” 375,000-ლარიან ტენდერში გაიმარჯვა და მთელი წლის განმავლობაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქუჩების განათების ვალდებულება აიღო. ამავე წლის დეკემბერში კომპანიამ 395,995-ლარიანი ტენდერი მოიგო, რათა 2020 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქუჩები ისევ მას გაენათებინა. ასევე, დეკემბერში კომპანიამ 54,780-ლარიანი ტენდერი მოიგო და მუნიციპალიტეტს საახალწლო განათებებისა და აქსესუარების მონტაჟის სერვისი მიჰყიდა.

ისევე როგორც 2019 წელს, 2018 წელსაც ყველა ტენდერი, რომელშიც შპს “დევეპლიუსმა” გაიმარჯვა ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაკვეთილია.

კომპანიას არსებობის ისტორიაში ჯამში 37 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული და აქედან 32-ში არის გამარჯვებული. ტენდერების გზით შპს “დევეპლიუსს” 4,088,510 ლარი აქვს მიღებული, მაგრამ თანხის უმეტესი წილი იმ პერიოდზე მოდის, როდესაც დავით შერაზადაშვილი სხვადასხვა თანამდებობაზე დაინიშნა.

32 ტენდერიდან 26 შპს “დევეპლიუსს” 2014 წლიდან აქვს მოგებული, ანუ მას შემდეგ, რაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე დავით შერაზადაშვილი გახდა. 2014 წლიდან დღემდე კი კომპანიამ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქუჩების განათებაში ჯამურად 3,079,215 ლარი მიიღო.

ასევე, საინტერესოა ის ფაქტიც, რომ კომპანიას 22 ტენდერში უკონკურენტოდ აქვს გამარჯვებული და ყველა მათგანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ არის გამოცხადებული.
აშკარაა, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტსა და შპს “დევეპლიუსის” ურთიერთობა 10 წლის წინ დაიწყო და შერეზადიშვილის კარიერულ წინსვლის პარალელურად განვითარდა,”- წერს ფლანგვის დეტექტორი.

ბოლნისის მერი დავით შერაზადიშვილი 2014 წლიდან გამგებლის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 2017 წლიდან კი მერის თანამდებობას იკავებს. მისი სიძე დავით ხმელიძე შპს “დევეპლიუსის” 50%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია.