ზეგავლენით ვაჭრობის ბრალდებით დაკავებულ ბორჯომის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის უფროსთან, ავთანდილ ტივაძესთან საპროცესო გაფორმდა. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მას სამწლიანი პირობითი მსჯავრი შეუფარდა და ჯარიმის სახით 5 000 ლარის გადახდა დააკისრა. ბრალდებულმა საპატიმრო დაწესებულება უკვე დატოვა.
სასამართლო პროცესი ახალციხეში დღეს, 20 მარტს გაიმართა.
„განაჩენი დადგა არსებითი განხილვის გარეშე. სასამართლოს გადაწყვეტილებით სამი წელი პირობითი მიესაჯა და 5 000 ლარი ჯარიმა,“– განგვიცხადეს სასამართლოში.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბორჯომის მერიის თანამშრომლის დაკავების შესახებ განცხადება გუშინ, 19 მარტს გაავრცელა.
,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაარწმუნა ფიზიკური პირი, რომ შეეძლო არამართლზომიერი ზეგავლენის მოხდენა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებზე, რომლებიც თავის მხრივ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, ხელს არ შეუშლიდნენ ფიზიკურ პირს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაში.აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, ბრალდებულმა ფიზიკურ პირს გამოართვა ფულადი თანხა 1000 ლარის ოდენობით”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339(1) მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.