დედოფლისწყაროს მერიაში არ იციან, რამდენ სოციალურად დაუცველ პირს დაეხმარნენ „მობილურ-ამბულატორიული კლინიკის პროგრამის“ ფარგლებში, – ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
აუდიტის ინფორმაციით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტმა „მობილურ- ამბულატორიული კლინიკის პროგრამის“ განსახორციელებლად, 2018 და 2019 წლებში ხელშეკრულებები საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან 104 000 (წლიურად 52.0 ათასი ლარი) ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა.
პროგრამის მიზანი იყო მოსახლეობის სოციალურად დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფების სამედიცინო მდგომარეობის გაუმჯობესება, რომლის ფარგლებში დაიგეგმა შემდეგი ამოცანები:
- საჭიროებაზე დაფუძნებული სამედიცინო მომსახურების მიწოდება სოციალურად დაუცველ ფენებს მუნიციპალიტეტის 16 სოფელში;
- დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობის პრევენცია უსაფრთხო ცხოვრებისათვის;
- თემების ხელმისაწვდომობა ხარისხიან ჯანდაცვის მომსახურებაზე.
პროგრამის მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში მომსახურება უნდა მიეღო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ, დაახლოებით, 5 000 მოსახლეს.
თუმცა, აუდიტის ჯგუფს ვერ წარედგინა შესაფერისი და საკმარისი დოკუმენტური მტკიცებულებები − მუნიციპალიტეტის მიერ რამდენად იყო განხორციელებული მემორანდუმით გათვალისწინერბული ღონისძიებები, რომლითაც იდენტიფიცირებული იქნებოდა სოფლებში მაღალი რისკის ჯგუფები და სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე პირები. ამასთანავე, მუნიციპალიტეტის მერიას პროგრამის ფარგლებში გახარჯულ თანხებზე არ განუხორციელებია ხელშეკრულებით გათვალისწინებული მონიტორინგი.
აუდიტის დასკვნით, მუნიციპალიტეტის მერიას არ გააჩნია ინფორმაცია რამდენ სოციალურად დაუცველ პირს გაეწია სამედიცინო დახმარება. შედეგად, მერიის მიერ არ არის შესწავლილი გახარჯული თანხების ეფექტიანობა და ღონისძიებების შესაბამისობა პროგრამით გათვალისწინებულ მიზნებთან.