აუდიტი: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი დასუფთავების მოსაკრებლის სახით მისაღებ შემოსავალზე სრულყოფილ ინფორმაციას არ ფლობს

530

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი დასუფთავების მოსაკრებლის სახით მისაღებ შემოსავალზე სრულყოფილ ინფორმაციას არ ფლობს, – ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.

აუდიტის ინფორმაციით, 2018-2019 წლებში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირებას (ამოღება) ა(ა)იპ − კომუნალური მომსახურების ცენტრი ახორციელებდა.

“დასუფთავების მოსაკრებლის სახით ბიუჯეტში მობილიზებულმა თანხამ შეადგინა: 2018 წელს – 43.5 ათასი ლარი, მათ შორის, ფიზიკური პირებისგან − 32.5 ათასი ლარი, ხოლო იურიდიული პირებიდან − 11.0 ათასი ლარი, 2019 წელს − 47.2 ათასი ლარი, მათ შორის, ფიზიკური პირებისგან − 36.2 ათასი ლარი, ხოლო იურიდიული პირებიდან − 11.0 ათასი ლარი.

აღსანიშნავია, რომ მოსაკრებლის ადმინისტრირებას 2018 წელს (მაისიდან) ემსახურებოდა ა(ა)იპ-ის − 8, ხოლო 2019 წელს − 10 თანამშრომელი, რომელთა შრომის ანაზღაურებაზე გახარჯულია 46.9 ათასი ლარი. შედეგად, 2018-2019 წლებში ა(ა)იპ – კომუნალური მომსახურების ცენტრის მიერ დასუფთავების მოსაკრებლის სახით ამოღებული თანხიდან (82.4 ათასი ლარი), 57% მიმართულია მოსაკრებლის ამკრეფი პირების შრომის ანაზღაურებაზე, რაც განხორციელებული საქმიანობის არაპროდუქტიულობაზე მიუთითებს”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, აბონენტთა რაოდენობა და მისაღები შემოსავლები განისაზღვრება ა(ა)იპ-ის ინკასატორების მიერ თავიანთ სექტორში აღრიცხული გადამხდელების მიხედვით. გარდა აღნიშნული ინფორმაციისა, მუნიციპალიტეტმა ვერ წარადგინა საკმარისი და შესაბამისი მტკიცებულებები გადამხდელთა ბაზის სისრულესთან დაკავშირებით. შედეგად, აუდიტის ცნობით, მუნიციპალიტეტში არ ფლობენ სრულყოფილ ინფორმაციას დასუფთავების მოსაკრებლის სახით მისაღებ შემოსავალზე. ამასთანავე, ინკასატორები გადამხდელებისაგან მოსაკრებლის სახით იღებენ ნაღდ ფულს და შემდეგ რიცხავენ მუნიციპალიტეტის სახაზინო ანგარიშზე, რაც ზემოაღნიშნული კონტროლის მექანიზმების ნაკლოვანებებისა და არასრულყოფილი გადამხდელთა ბაზის პირობებში არაკეთილსინდისიერი ქმედებების რისკებს შეიცავს.

“პასუხისმგებელი პირის განმარტებით, ბიუჯეტით პროგნოზირებული დასუფთავების მოსაკრებელი განსაზღვრულია წინა წლებში მიღებული თანხის გათვალისწინებით. არსებული პრაქტიკა უზუსტობის მაღალ რისკს შეიცავს და შესაბამისად, შესაძლებელია დასუფთავების მისაღები მოსაკრებლის მოცულობაც არსებითად განსხვავდებოდეს მიღებულიდან”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

აუდიტის დასკვნით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს არ გააჩნია დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა ბაზა, რომლის მეშვეობით სრულდ აღირიცხებოდა მისაღები შემოსავალი. შედეგად, მუნიციპალიტეტი არ ფლობს სრულყოფილ ინფორმაციას დასუფთავების მოსაკრებლის სახით მისაღებ შემოსავალზე.

აუდიტის რეკომენდაციაა, მერიამ საკრებულოს დადგენილების შესაბამისად უზრუნველყოს დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა სრული ბაზის შექმნა და წლის განმავლობაში მისაღები მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშება. ასევე შეიმუშაოს მოსაკრებლის გადახდევინების ინსტრუქცია და დანერგოს კონტროლის ისეთი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს დასუფთავების მოსაკრებლის სახით მისაღები შემოსავლების მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სრულად მობილიზებას.