დედოფლისწყაროს მერია მუნიციპალიტეტის ქონებრივი ინტერესების დასაცავად სათანადო ღონისძიებებს არ ატარებს, – ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
ფაქტობრივი გარემოება 1: 2018-2019 წლებში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტმა 11 ობიექტის პრივატიზაცია განახორციელა. გასხვისებული ობიექტების ჯამურმა ღირებულებამ 62 900 ლარი შეადგინა. მუნიციპალიტეტმა ყველა შემთხვევაში გამოიყენა საჯარო აუქციონის ფორმა.
“საწყისი საპრივატიზებო ღირებულების დადგენა ხორციელდებოდა აუდიტორის შეფასების საფუძველზე. ვაჭრობის პროცესი ძირითადად უკონკურენტო გარემოში მიმდინარეობდა და პრეტენდენტები მხოლოდ ერთი ბიჯის მომატებით იმარჯვებდნენ. შედეგად, ობიექტების ჯამური საწყისი საპრივატიზებო ფასი – 59.9 ათასი ლარი მხოლოდ 5%-ით გაიზარდა. გამომდინარე აღნიშნულიდან, მერიამ დაკარგა ელექტრონული აუქციონის ფორმის გამოყენების საშუალებით უფრო მეტი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა”, – ვკითხულობთ ანგარიშში.
ფაქტობრივი გარემოება 2: დედოფლისწყაროს მერიამ 2018 წლის ივნისში სოფელ ხორნაბუჯსა და სოფელ ფიროსმანში მდებარე 2 ობიექტი (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით) გაყიდა საპრივატიზებო პირობებით, შესაბამისი ღირებულებებით: 3 675 ლარი და 1 260 ლარი. ორივე შემთხვევაში მყიდველებს ჰქონდათ ვალდებულება, რომ ერთი წლის ვადაში განეხორციელებინათ შენობა-ნაგებობების სრული რეაბილიტაცია დემონტაჟის გარეშე.
“ხელშეკრულების პირობების მიხედვით, ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პირგასამტეხლო განსაზღვრული იყო ვალდებულების 0.1%-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევაში, აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულს გადახდილი თანხა არ უნაზღაურდება”, – წერია ანგარიშში.
აუდიტის ცნობით, სოფელ ფიროსმანში მდებარე შენობასთან მიმართებით საპრივატიზებო პირობა არ არის შესრულებული, ხოლო სოფელ ხორნაბუჯში პრივატიზებული ობიექტის საპრივატიზებო პირობა შესრულდა აუდიტის მიმდინარეობის პერიოდში, დაახლოებით, 2 წლის დაგვიანებით.
აუდიტის ანგარიშის მიხედვით კი, ქონების შემძენების მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მერიას საკუთარი ინტერესების დასაცავად შეეძლო გამოეყენებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციები, თუმცა შესაბამისი ღონისძიებები არ გაუტარებია.
აუდიტის დასკვნით, დეოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის შესაბამისი პასუხისმგებელი პირები ქონების გასხვისების პროცესში არ ითვალისწინებენ ელექტრონული აუქციონის უპირატესობებს და ირჩევენ საჯარო აუქციონის ფორმას, რაც უარყოფითად აისახება მუნიციპალიტეტის შემოსავლებზე. ასევე, 2 შემთხვევაში, ქონების შემძენმა პირებმა დაარღვიეს ხელშეკრულების პირობები, კერძოდ, ერთ შემთხვევაში არ არის შესრულებული ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო მეორე შემთხვევაში შესრულდა დიდი დაგვიანებით. მიუხედავად ამისა, მერიას არ გაუტარებია სათანადო ღონისძიებები მუნიციპალიტეტის ქონებრივი ინტერესების დასაცავად.