აუდიტი: კომპანიას, რომელმაც სოფლებში სტადიონები და სპორტული მოედნები ვერ მოაწყო, დედოფლისწყაროს მერიამ ხელშეკრულება მხოლოდ 9 თვის შემდეგ შეუწყვიტა

476

კომპანიას, რომელმაც სოფლებში სტადიონები და სპორტული მოედნები ვერ მოაწყო, დედოფლისწყაროს მერიამ ხელშეკრულება მხოლოდ 9 თვის შემდეგ შეუწყვიტა, – ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.

აუდიტის ინფორმაციით, 2018 წლის 2 ოქტომბერს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიამ  მუნიციპალიტეტის სოფლებში სტადიონების და სპორტული მოედნების მოსაწყობად ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა დასრულებულიყო.

“საკითხის შესწავლით გაირკვა, რომ მიმწოდებელს აღნიშნული სამუშაოები არ შეუსრულებია. აღსანიშნავია, რომ მიზეზები, რის გამოც მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფდა სამუშაოების დასრულებას, არ არის სათანადოდ არგუმენტირებული. წარმოდგენილი ინფორმაციით, კომპანიას გააჩნდა ფინანსური პრობლემები. მიუხედავად ამისა, მიმწოდებელს ხელშეკრულება შეუწყდა სამუშაოების დასრულების ვადის გასვლიდან 9 თვის შემდეგ”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

აუდიტის დასკვნით, მერიასა და შპს „სტანდარტი-ა“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოები არ არის შესრულებული. შესაბამისად, მერიამ პროცესი ვერ წარმართა იმგვარად, რომ დროულად დაესრულებინა სამუშაოები.

ამასთან, აუდიტის დასკვნით, დაგეგმილი სამუშაოების დასასრულებლად ახალი ტენდერი არ გამოცხადებულა და პროექტი შეჩერებულია.