დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ქობულეთის საკრებულოს წევრი დააკავეს

670

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და, ამავდროულად, ქობულეთის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარე დააკავეს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ქრთამის აღებაში დახმარების გამო კიდევ ერთი ადამიანია დაკავებული.

“გამოძიებით დგინდება, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი მოქალაქეს დაჰპირდა, რომ თავისი უფლებამოსილებისა და ავტორიტეტის გამოყენებით, ქ. ქობულეთში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კონკრეტულ ნაკვეთზე გასცემდა საკუთრების მოწმობას და დაურეგისტრირებდა საკუთრებაში, რაშიც ნათესავის შუამავლობით ქრთამის სახით მოითხოვა 10 000 აშშ დოლარის გადაცემა, საიდანაც წინასწარ გამოართვა 2000 აშშ დოლარი.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო”, – წერია განცხადებაში.