სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

493

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა.

ბოლნისის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობასთან შეხვედრები ერთი თვის წინ დაიწყო, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა კი კრებები 45 სოფელსა და 2 დაბაში ჩაატარეს. მათივე ცნობით, მოსახლეობასთან შეხვედრები კოვიდრეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა.

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები 16 მარტს დავასრულეთ, ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობას ყველა დასახლებაში შევხვდით და პირადად მოვისმინეთ ის საჭიროებები, რაც მათ წინაშე დგას. სოფლის პროგრამის ფარგლებში, ცენტრალური და მუნიციპალური დაფინანსებით, წელს მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება დაიგეგმა. სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მოსახლეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში აქტიურად იყო ჩართული და განსახორციელებელი პროექტებიც სწორედ მათ შეარჩიეს. ვფიქრობ, ძლიერი სოფელი ძლიერი ქვეყნის საწინდარია და ჩვენი ვალდებულებაა სოფლის განვითარებას მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 714 000 ლარია გამოყოფილი. მუნიციპალიტეტი პროექტების განსახორციელებლად 100%-იანი თანადაფინანსების ვალდებულებას იღებს. ჯამში კი, წელს ბოლნისში, ამ პროგრამის ფარგლებში, 1 428 000 ლარი დაიხარჯება.