ბორჯომის მერიას დავების საბჭოში ერთ თვეში სამმა კომპანიამ უჩივლა

479

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ბორჯომის მერიის წინააღმდეგ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს სამმა კომპანიამ მიმართა. ისინი მერიის სატენდერო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას ითხოვენ. ერთ შემთხვევაში დავა ეხება მერიის მიერ უფრო დაბალფასიანი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და “ქართული ოცნების” შემწირველი კომპანიის გამარჯვებას. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

ერთ-ერთი სადავო ტენდერი ბორჯომის მუნიციპალიტეტმა 2021 წლის 27 იანვარს გამოაცხადა. მუნიციპალიტეტი ეძებდა კომპანიას, რომელიც რაზმაძის ქ. #25-ის მიმდებარედ  საყრდენ კედელს ყველაზე იაფად მოაწყობდა. ტენდერში მონაწილეობა სულ ორმა კომპანიამ: მშენებელი 2012 – მა და შპს “ფარაონმა” მიიღო. მათგან  სამუშაოების შესასრულებლად ყველაზე დაბალი ფასი შპს “ფარაონმა” დააფიქსირა, მათი შეთავაზება ,,მშენებელი 2012” – ის ფასზე 11 ათასი ლარით ნაკლები იყო, თუმცა არაკეთილსინდისიერი ქმედების მოტივით, ბორჯომის მერიის სატენდერო კომისიამ აღნიშნული კომპანიის შეთავაზება დაბლოკა და გამარჯვებულად დაასახელა, ,,მშენებელი 2012”, რომლის მფლობელიც ადგილობრივი ბიზნესმენი და “ქართული ოცნების” დამფინანსებელი, ვახტანგ კაპანაძეა. მან 2016 წელს მმართველ გუნდს 60 000 ლარი შესწირა.

დისკვალიფიცირებულმა კომპანიამ შპს “ფარაონმა” ბორჯომის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 9 მარტს გაასაჩივრა. საჩივარში აღნიშნულია, რომ სატენდერო კომისიამ კომპანიას დისკვალიფიკაცია დაუსაბუთებლად მიანიჭა

“ატენდერო კომისიამ დაადგინა, რომ ჩვენს მიერ გამოცდილების შესახებ წარდგენილ დოკუმენტაციაში არ მოიპოვებოდა ინფორმაცია გამარჯვებული მიმწოდებლის მიერ სამუშაოების ქვეკონტრაქტორებზე გადაცემის შესახებ. კომისიამ ჩათვალა, რომ ჩვენს მიერ უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი ინფორმაცია გამარჯვებულსა და ქვეკონტრაქტორებს შორის, რასაც არ გვავალდებულებდა სატენდერო დოკუმენტაცია.  ამ საფუძვლით უმართებულოდ მოგვცა დისკვალიფიკაცია,” – აღნიშნულია შპს ,,ფარაონის” მიერ წარდგენილ საჩივარში

კომპანია სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის გაუქმებას და შესყიდვის პროცედურების ხელახლა წარმართვას ითხოვს. აღნიშნული საჩივრის შესახებ დავების საბჭოს გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუტანია.

განხილვის პროცესშია ბორჯომის მერიის წინააღმდეგ შესული კიდევ ერთი საჩივარი, რომელიც ასევე მერიის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას ეხება. მომჩივანი კომპანია, შპს ,,ტაძარი 2020” მიუთითებს, რომ მუნიციპალიტეტმა რუსთაველის ქუჩაზე – სანაპიროზე სკვერის მოწყობისთვის გამოცხადებულ ტენდერში კომისიამ ისეთ პრეტენდენტს მიანიჭა უპირატესობა, რომლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციაც სატენდერო პირობებს არ შეესაბამებოდა.

ბორჯომის სატენდერო კომისიას გასულ თვეში კიდევ ერთმა კომპანიამ შპს ,,ქრიზოლითი+”-მა უჩივლა. საქმე ამჯერად 2021 წლის განმავლობაში ბორჯომში სამშენებლო სამუშაოების საზედამხედველო მომსახურების ტენდერს ეხება, რომელშიც შპს ,,საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფმა” გაიმარჯვა. შპს “ქრიზოლითი+” თავის საჩივარში მიუთითებდა რომ სატენერო კომისიის გადაწყვეტილება, რომლითაც ზემოხსენებულმა კომპანიის გამარჯვება დადასტურდა, უკანონოა, რადგან “საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფის” მიერ წარდგენილი გამოცდილების ამსახველი დოკუმენტაცია, სატენდერო პირობებს არ შეესაბამებოდა. დავების საბჭომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მათი საჩივარი და ბორჯომის მერიის სატენდერო კომისიას დაევალა აღნიშნული გადაწყვეტილების გადასინჯვა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ტენდერებთან დაკავშირებულ ხარვეზებზე საუბარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშიც, კერძოდ, აუდიტორებმა დაადგინეს, რომ 2018 – 2019 წლებში მუნიციპალიტეტმა ტრანსპორტის შესაძენად გამოცხადებული ტენდერები ერთ კონკრეტულ კომპანიას მოარგო, უფრო დაბალი შეთავაზების მქონე პრეტენდენტები კი დაუსაბუთებელი მიზეზების გამო დაბლოკა.