თელავის მუნიციპალური ტრანსპორტის მარშრუტებს ახალი მიმართულება დაემატება. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი დავით ქსოვრელიშვილი აცხადებს, რომ ამ დროისთვის შემუშავებულია 4 სავარაუდო მარშრუტი, რომელსაც ერთი ახალი დაემატება და ის სოფელ კურდღელაურსაც მოიცავს. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
მისი თქმით, თელავს დამატებით 5 ახალი ავტობუსი გადმოეცა, რომელთა ნაწილიც 15 აპრილიდან დაიწყებს მუშაობას. ქსოვრელიშილი განმარტავს, რომ 10 ავტობუსი სრულად თელავში აპრილის ბოლოდან დაიწყებს მუშაობას. აღნიშნული განცხადება მან რადიო ,,კახეთის ხმის” პირდაპირ ეთერში გააკეთა.
“წელს თელავის მუნიციპალიტეტს გადმოეცა 5 ავტობუსი, რომელმაც ქალაქის ქუჩებში სატესტო რეჟიმში დაიწყო მუშაობა. ჩვენ მარშრუტები წინასწარ არ გვქონდა შემუშავებული , რადგან საჭირო იყო მიმართულებების პრიორიტეტების, მარშრუტების სიგრძეების დამუშავება და მგზავრთა ნაკადებზე დაკვირვება. დეტალურ შესწავლას საჭიროებს ცენტრალური ქუჩების და სოციალურად აქტიური ლოკაციების დაკავშირების, ასევე თელავის ცენტრთან და აგრარულ ბაზართან დაკავშირების საკითხი, სადაც თავს იყრის ბევრი მგზავრი, როგორც სოფლებიდან ისევე ქალაქიდან. შემუშავდა ოთხი სავარაუდო მარშრუტი, რომელიც რამდენიმეჯერ შეიცვალა გამომდინარე იქიდან, რომ იცვლებოდა მგზავრთა ნაკადი და ზოგიერთი ადგილი არ იყო აქტიური ან პირიქით, მეტად აქტიური იყო.
სულ ახლახანს თელავს დამატებით გადმოეცა 5 ახალი ავტობუსი და აპრილის თვეში ამ ოთხ მარშრუტს დავამატებთ კიდევ ერთს, რომელიც მოემსახურება მგზავრებს კურდღელაურის ცენტრალური ქუჩიდან აგრარული ბაზრის და ცენტრალური ქუჩის მიმართულებით”, – განაცხადა დავით ქსოვრელიშილმა.
მისივე თქმით, ასევე მუშაობა დაწყებულია გადახდის სისტემის შემოღებაზეც.
,,ამ ერთი თვის განმავლობაში კიდევ დავაკვირდებით და უკვე აპრილის თვეში როცა ჩვენ მოგვემატება მეხუთე მარშრუტი, ზუსტად გვეცოდინება ძირითადი მიმართულებები. გარდა ამისა, მიმდინარეობს მუშაობა გადახდის სისტემის შემუშავებაზე და ვარჩევთ რომელია ჩვენთვის პრიორიტეტული. გვაქვს ბანკების და კერძო ორგანიზაციების შემოთავაზება და ამ საკითხზე საკრებულო მუშაობს მერიასთან ერთად. ვეცდებით რომ ფასი იყოს მისაღები, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის. ამ დროისთვის შერჩეულია და გადამზადებულია 23 მძღოლი”,– განაცხადა დავით ქსოვრელიშვილმა.
EUღO 5-ის სტანდარტის ავტობუსი თელავს გასული წლის ბოლოს ოფიციალურად გადაეცა. ახალი ავტობუსები გათვლილია 60 მგზავრზე, ის სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
მთლიანობაში თელავის მუნიციპალიტეტს ეყოლება 40 ავტობუსი. ტრანსპორტის ამუშავებისთვის შექმნილია ააიპ ორგანიზაცია, რომელიც მის გამართულ მუშაობაზე იქნება პასუხისმგებელი. ასევე გადამზადდა 23 მძღოლი. ცნობილია ავტობუსების გადაადგილების 4 სავარაუდო მარშრუტი.