ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, წყალარინების სისტემის რეაბილიტაციის შემდეგ გზა იგება

528

ბათუმში წყალარინების სისტემის რეაბილიტაციის შემდეგ, გზის საფარის აღდგენა ხორციელდება.

ამ ეტაპზე, ასფალტის საფარის დაგება აეროპორტის გზატკეცილზე, ფრიდონ ხალვაშის ქუჩიდან ბაგრატიონის ქუჩამდე მონაკვეთში მიმდინარეობს.

აღნიშნული სამუშაოებისთვის მილიონამდე ლარია გათვალისწინებული.

” გარდა ამ მონაკვეთისა, მსგავსი ტიპის ღონისძიებები ყველა იმ ქუჩაზე მიმდინარეობს, სადაც უკვე დავასრულეთ კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწყობა. ასევე, მინდა მოსახლეობას მივაწოდო ინფორმაცია, რომ იგეგმება ბაგრატიონის ქუჩის რეკონსტრუქცია. უკვე დასრულების ეტაპზეა სატენდერო პროცედურები. გარდა ამისა, ტენდერი გამოცხადდა გოგოლის ქუჩისა და ბარცხანის ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაციასთან დაკავშირებით,” – აცხადებს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი.

კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს ასევე ბათუმში ჯავახიშვილის ქუჩაზე, აბუსერიძისა და ხიმშიაშვილის ქუჩებს შორის მონაკვეთში.

“წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 60 მილიონ ლარზე მეტი გამოვყავით,“ – განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

აღნიშნულ ქუჩაზე უკვე მოეწყო სანიაღვრე არხი, ბორდიურები და ტროტუარი. პარალულურად, მიმდებარედ იგეგმება ახალი სკვერის მშენებლობა.

უკვე დასრულდა კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტით (Kფჭ) გათვალისწინებული სამუშაოები.

პროექტის ღირებულება 1 მილიონ 300 ათას ლარს აღემატება.