აუდიტი: ყაზბეგის მერიამ 1,3 მილიონიანი ხელშეკრულება გაფორმა კომპანიასთან, რომელსაც რამდენიმე სოფელში წყლის პრობლემა სასწრაფოდ უნდა მოეგვარებინა, თუმცა, სამუშაოები დაუსრულებელია

468

ყაზბეგის მერიამ გადაუდებელი აუცილებლობის მიზეზით, გამარტივებული შესყიდვის ფორმით და კანონმდებლობის დარღვევით, 1,3 მილიონიანი ხელშეკრულება გააფორმა კომპანიასთან, რომელსაც რამდენიმე სოფლის სასმელი წყლის სათავე ნაგებობა და მაგისტრალი აეშენებინა. შედეგად, სამუშაოები ვერ განხორციელდა და ობიექტები დაუსრულებელია. ამის შესახებ საუბარია ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესაბამისობის 2018-2019 წლების აუდიტში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2019 წლის 22 აგვისტოს ყაზბეგის მუნიციპალიტეტმა მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, ნება დაერთო, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შეეძინა მუნიციპალიტეტის სოფლების: არშის, კარკუჩის და ახალციხის სასმელი წყლის სათავე ნაგებობისა და მაგისტრალის, ასევე სოფლების: ცდოსა და გარბანის სათავე ნაგებობის მოწყობის სამუშაოები.

მუნიციპალიტეტის განმარტებით, გადაუდებელი აუცილობლობა გამოიწვია სოფლების: არშისა და ცდოს სასმელი წყლის სათავე ნაგებობისა და მაგისტრალის შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერის უშედეგოდ დასრულებამ (სატენდერო დოკუმენტაციით, პრეტენდენტებისგან მოთხოვნილი იყო 1,394.7 ათასი ლარის გამოცდილება, რაც 6-ჯერ აღემატება სავარაუდო ღირებულებას), ხოლო დანარჩენ სოფლებზე – საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დაგვიანებით მიწოდებამ.

გამომდინარე აღნიშნულიდან, აუცილებელი იყო სამუშაოების დასრულება ზამთრის სეზონის დადგომამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსახლეობა რჩებოდა წყლის გარეშე და ზიანი ადგებოდა საზოგადოებრივ ინტერესებს.

მუნიციპალიტეტის მიერ დაფიქსირებული არგუმენტების გათვალისწინებით, 2019 წლის 26 აგვისტოს შესყიდვების სააგენტომ მიიღო დადებითი გადაწყვეტილება. შედეგად, მუნიციპალიტეტმა 2019 წლის 4 სექტემბერს გააფორმა ხელშეკრულება სოფლების: არშის, კარკუჩის, ახალციხის სასმელი წყლის სათავე ნაგებობისა და მაგისტრალის მოწყობის, ასევე სოფლების: ცდოსა და გარბნის სათავე ნაგებობის მოწყობაზე, ღირებულებით – 773.8 ათასი ლარი.

ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 60 დღეში, 2019 წლის 3 ნოემბერს.

სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, ხარჯთაღრიცხვის კორექტირებისა და კლიმატური პირობების მიზეზით ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები, რომელთა მიხედვით საბოლოო ვადა გაგრძელდა 2020 წლის 8 თებერვლამდე, ხოლო ღირებულება შემცირდა და შეადგინა − 412.4 ათასი ლარი.

განხორციელებული ცვლილებებით შეწყდა სოფელ გარბნის სათავე ნაგებობის, ასევე სოფელ არშის მაგისტრალისა და სათავე ნაგებობის მოწყობის სამუშაოები. ვადის გაგრძელების და სამუშაოების მოცულობის შემცირების მიუხედავად, მიმწოდებელმა მაინც ვერ დაასრულა სამუშაოები და ურთიერთშეთანხმებით ხელშეკრულება შეწყდა. ამასთანავე, შუალედური მიღება-ჩაბარებების საფუძველზე მიმწოდებლისათვის გადახდილია 259.4 ათასი ლარი.

აღსანიშნავია, რომ მიზეზი, რის გამოც განხორციელდა სამუშაოების გამარტივებული გზით შესყიდვა, იყო სამუშაოების ზამთრის დადგომამდე დასრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსახლეობა რჩებოდა სასმელი წყლის გარეშე. მიუხედავად აღნიშნულისა, სამუშაოების დაწყებიდან გასულია ერთ წელზე მეტი პერიოდი, თუმცა სამუშაოები დაუსრულებელია. შედეგად, როგორც მიმწოდებლის, ასევე მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელი პირების ქმედებით, მნიშვნელოვანი ზიანი ადგება მოსახლეობის ინტერესებს.

“გადაუდებელი აუცილებლობის მიზეზით, გამარტივებული შესყიდვის ფორმით, კანონმდებლობის დარღვევით, ხელშეკრულებები საერთო ღირებულებით – 1,348.5 ათასი ლარი, გაფორმდა ისეთ მიმწოდებლებთან, რომლებსაც არ გააჩნდათ შესაბამისი რესურსი და სამუშაოების წარმართვის შესაძლებლობა. შედეგად, სამუშაოები ვერ ხორციელდება ხელშეკრულების შესაბამისად და ობიექტები დაუსრულებელია. ამასთანავე, შესყიდვების პროცესები იმართება არაკონკურენტულ გარემოში, რაც გავლენას ახდენს შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფაზე,” – წერია აუდიტის დასკვნაში.