აუდიტი: ყაზბეგის მერიამ გუდაურში 609 ათასი ლარი დახარჯა ტურისტული ინფრასტრუქტურისთვის, რომელიც მოუვლელია და არ ფუნქციონირებს

625

ყაზბეგის მერიამ გუდაურში 609 ათასი ლარი დახარჯა ტურისტული ინფრასტრუქტურისთვის, რომელიც მოუვლელია და არ ფუნქციონირებს. ამის შესახებ საუბარია ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესაბამისობის 2018-2019 წლების აუდიტში.

2017 წელს ყაზბეგის მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერით, შეისყიდა გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე განთავსებული ე.წ. „გადასახედის“ ნაგებობის რეაბილიტაციისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები. 2018 წელს მუნიციპალიტეტმა შეისყიდა ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებებისათვის ავტომატური დაშვებისა და გადახდის სისტემა.

აღნიშნული პროექტის განხორციელების მიზანი იყო ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა, ხოლო გადახდის ტერმინალების მოწყობით, მუნიციპალიტეტი გეგმავდა ვიზიტორებისაგან დამატებით შემოსავლის მიღებას. ამ მიზნის მისაღწევად მუნიციპალიტეტმა სულ დახარჯა 609.0 ათასი ლარი.

აუდიტმა შესრულებული სამუშაოების ადგილზე დათვალიერებით გამოვლინდა, რომ მოწყობილი ინფრასტრუქტურული პროექტი სათანადოდ არ ფუნქციონირებს, კერძოდ: შესვლისა და გადახდის სისტემა არ გამოიყენება, მოწყობილი ინფრასტრუქტურა მოუვლელია. მიუხედავად იმისა, რომ ობიექტის დასრულებიდან გასულია 2 წელი, პროექტის განხორციელების მიზანი მიღწეული არ არის. აღნიშნული ობიექტიდან მუნიციპალიტეტს შემოსავლები არ მიუღია. შედეგად, პროექტის განხორციელებაზე დახარჯული 609.0 ათასი ლარი არაეფექტიანი ხარჯია.

გარდა ამისა, აუდიტმა გამოავლინა, რომ სკვერების კეთილმოწყობისთვის ყაზბეგის მუნიციპალიტეტმა 6 სოფელში 60 ატასი ლარი დახარჯა, თუმცა, სკვერები მოუვლელია.

“2019 წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 6 სოფელში განხორციელდა სკვერების კეთილმოწყობის სამუშაოები, საერთო ღირებულებით − 60.4 ათასი ლარი.

აუდიტის ჯგუფმა დაათვალიერა შესრულებული პროექტები. შედეგად გამოვლინდა, რომ მუნიციპალიტეტი სკვერების მოვლა-პატრონობას არ ახორციელებს. მოწყობილი სკვერები მოუვლელია, რაც ხელს უშლის მათ დანიშნულებით გამოყენებას. შესწავლით ირკვევა, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულია ა(ა)იპ − ყაზბეგის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური, რომელსაც დებულებით ევალება სკვერებისა და პარკების მოვლა-დასუფთავება. მიუხედავად აღნიშნული ვალდებულებისა, ა(ა)იპ დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებს,” – წერია დოკუმენტში.

აუდიტის დასკვნაა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა რეაბილიტაციაზე დახარჯულია 669.4 ათასი ლარი, დანიშნულებით არ გამოიყენება და არ არის მიღწეული პროექტების განხორციელების საბოლოო მიზანი. შესაბამისად, მათ რეაბილიტაციაზე გაწეულია არაეფექტიანი ხარჯი.