ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მართვისთვის შექმნილია ორი ა(ი)პი. მათგან ა(ა)იპი „ძნწაღიკ“ მხოლოდ ერთ ბაღს მართავს. ამის შესახებ საუბარია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესაბამისობის 2018-2019 წლების აუდიტში.
“ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ბაგა-ბაღების მართვას ახორციელებს 2 ა(ა)იპ – ა(ა)იპ „წიწერნაკ“ და ა(ა)იპ „ძნწაღიკ“. 2018-2019 წლებში ა(ა)იპების დაფინანსებაზე მუნიციპალიტეტმა დახარჯა 943.2 ათასი ლარი. ორივე ორგანიზაციაში დასაქმებული იყო 128 თანამშრომელი.
ა(ა)იპ „წიწერნაკში“ გაერთიანებულია 11 ბაღი, მათ შორის 2 ქალაქ ნინოწმინდაში, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა სოფლებში. სულ 2018-2019 წლებში ბაგა-ბაღების გაერთიანებაში დარეგისტრირებული იყო 1359 აღსაზრდელი. ა(ა)იპ „ძნწაღიკ“ , ფუნქციონირებს სოფელ განძაში და შედის ამ სოფლის ერთი ბაღი. 2018-2019 წლებში დარეგისტრირებული იყო სულ 280 აღსაზრდელი.
აღსანიშნავია, რომ ორივე იურიდიული პირი აღსაზრდელებს სთავაზობს ერთნაირ მომსახურებას – „წიწერნაკის“ სოფლის ბაღები და „ძნწაღიკის“ განძის საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს დღის პირველ ნახევარში, ასევე, ბავშვები უზრუნველყოფილი არ არიან კვებით. აღნიშნული საქმიანობა თავისი მასშტაბიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე, მომსახურების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის შეუცვლელად, შესაძლებელია განხორციელდეს ერთი ორგანიზაციის მიერ.
მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რატომ გახდა საჭირო სოფელ განძის საბავშვო ბაღისათვის ცალკე ა(ა)იპ-ის დაარსება და რატომ არის უფრო ეფექტიანი და მეტი შედეგის მომტანი აღნიშნული საქმიანობისათვის ორი ა(ა)იპ-ის ფუნქციონირება. ასევე, მუნიციპალიტეტმა ვერ დაასაბუთა ერთნაირი ფუნქციის მქონე ა(ა)იპ-ებზე ორმაგი ადმინისტრაციული ხარჯის გაწევის მიზანშეწონილობა. 2018-2019 წლებში ა(ა)იპ-ებში ადმინისტრაციის შრომის ანაზღაურებაზე სულ დაიხარჯა 133.7 ათასი ლარი”, – აღნიშნულია დოკუმენტში.