ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში აგრარული ბაზრის მშენებლობაზე, სოფლის ამბულატორიის მოწყობასა და სპორტულ ინფრასტრუქტურაზე 1,2 მლნ ლარზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტები შესრულდა, თუმცა, აქტივების მართვის ხარვეზების გამო უფუნქციოა. ამის შესახებ საუბარია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესაბამისობის 2018-2019 წლების აუდიტში.
აუდიტის სამსახურის მონაცემებით:
- 2019 წელს 153 ათასი ლარი დაიხარჯა ნინოწმინდაში აგრარული ბაზრის სამშენებლო სამუშაოებზე. სამუშაოები მუნიციპალიტეტმა 2019 წლის ოქტომბერში ჩაიბარა, თუმცა დახურულია და არ ფუნქციონირებს. “პასუხისმგებელი პირის განმარტებით, აღნიშნული გამოწვეულია იმით, რომ მოვაჭრეები არ გადადიან ახალაშენებულ შენობაში და განაგრძობენ გარე ვაჭრობას. მუნიციპალიტეტს არ გაუტარებია ღონისძიებები გარე ვაჭრობის მოწესრიგებისა და შენობის ფუნქციური დატვირთვისათვის”;
- სოფლის ამბულატორიების მოწყობაში 696,6 ათასი ლარი დაიხარჯა. იმის გამო, რომ შესაბამისი ინვენტარი ამ დაწესებულებებს არ აქვთ, არ ფუნქციონირებს;
- 2018-2019 წელს მუნიციპალიტეტში სპორტული, საგანმანათლებლო და სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურაზე 351,9 ათასი ლარი დაიხარჯა, თუმცა გამოუყენებელია.
“ფინანსური აქტივების მართვის ხარვეზების გამო, მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულება. ამ მიზნით მერიამ ბიუჯეტიდან გასწია 1,201.5 ათასი ლარის არაეფექტიანი ხარჯი და ვერ მიაღწია პროექტების განხორციელებით განსაზღვრულ შედეგებს. ინფრასტრუქტურული პროექტების მიღებაჩაბარებიდან ხშირ შემთხვევაში გასულია ერთ წელზე მეტი, თუმცა მუნიციპალიტეტს არ გაუტარებია ქმედითი ღონისძიებები ობიექტების ფუნქციური დატვირთვისათვის”, – წერია აუდიტის დასკვნაში.