აუდიტმა დაადგინა, რომ გარდაბნის მერიამ 5 სატრანსპორტო საშუალება დაკარგა

516

აუდიტის სამსახურმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ხუთი სატრანსპორტო საშუალებების დანაკლისი გამოავლინა, – ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლის საქმიანობის ანგარიშში.

ანგარიშშია აღნიშნულია, რომ აუდიტის ჯგუფმა შერჩევით ჩაატარა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტომანქანების ინვენტარიზაცია. აუდიტის ჯგუფის მოთხოვნით, მუნიციპალიტეტმა სსიპ − შსს მომსახურების სააგენტოდან გამოითხოვა ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების შესახებ. წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დღემდე ირიცხება 72 ერთეული სატრანსპორტო საშუალება.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, აუდიტის ჯგუფმა დაათვალიერა აღნიშნული მანქანები. შედეგები წარმოდგენილია ცხრილის სახით:

როგორც ცხრილშია წარმოდგენილი, 26 ერთეული სატრანსპორტო საშუალება დაზიანებულია და არ გამოიყენება დანიშნულებით. აღნიშნული მანქანებიდან 21 ერთეული სათანადო მოვლა-პატრონობის გარეშეა დატოვებული.

კერძოდ, 10 ერთეული ავტობუსი, რომელიც თხოვების ფორმით გადაცემულია შპს „გარდაბნის სატრანსპორტო კომპანიაზე“, 2018 წელს გამართული იყო და ემსახურებოდა მგზავრთა გადაყვანას, თუმცა, აუდიტის ჯგუფის დათვალიერებით გამოვლინდა, რომ ისინი არ არის მუშა მდგომარეობაში. აღნიშნული გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ მერიის მიერ სატრანსპორტო საშუალებები არ არის სათანადოდ აღრიცხული და არ არის დაწესებული შესაბამისი მოვლა-პატრონობა. შესაბამისად, არსებობს მათი დაკარგვის, დაზიანების და არამართლზომიერი გამოყენების რისკი”, – წერია აუდიტის ანგარიშში.

რაც შეეხება 5 სატრანსპორტო საშუალებას, აუდიტის ჯგუფმა მათ ვერ მიაკვლია.

“პასუხისმგებელი პირის განმარტებით, ინფორმაცია 3 ერთეული სატრანსპორტო საშუალების ადგილმდებარეობის შესახებ უცნობია; ერთი მანქანა66 გადაცემული იყო შპს „გარდაბნის სატრანსპორტო კომპანიისთვის“ და პასუხისმგებელი პირის განმარტებით, იმყოფებოდა სოფელ კუმისში, დირექტორის საცხოვრებელი სახლის ეზოში, თუმცა, აუდიტის მსვლელობისას აღნიშნული ავტომანქანის ადგილმდებარეობა ვერ დადგინდა;

ასევე, ერთი ავტომანქანა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების ინფორმაციით, დაზიანებულია და 2011 წლიდან იმყოფება სამეგრელოში. აღნიშნული ფაქტი წინა აუდიტის დროსაც დაფიქსირდა. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ გასულია რამდენიმე წელი, მუნიციპალიტეტმა არ განახორციელა სათანადო რეაგირება. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის წინა აუდიტის პერიოდშიც გამოვლინდა ინვენტარიზაციასთან დაკავშირებული ხარვეზები. მიუხედავად ამისა, მერიამ არც 2018-2019 წლებში გაითვალისწინა აუდიტის სამსახურის მიერ წინა აუდიტის პერიოდში გამოვლენილი გარემოება”, – წერია აუდიტის ანგარიშში

აუდიტის დასკვნაა, რომ მუნიციპალიტეტმა დაარღვია „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის №605 ბრძანების მოთხოვნები. შედეგად, გამოვლინდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ზოგიერთი სატრანსპორტო საშუალების დანაკლისი. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სხვა აქტივების და რესურსების დაკარგვის, დაზიანების, არამართლზომიერი გამოყენების ან მართვის რისკები.