პირველი ქართველი მეწარმე, რომელიც თეთრიწყაროს მაღალმთიან დასახლებაში, უნიკალური ტექნოლოგიით, ქართულ ვისკის აწარმოებს

3811

სუფთა ჰაერი, ლამაზი ბუნება, შესანიშნავი ადგილი ოჯახური დასვენებისა და განტვირთვისათვის – ეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი დასახლება, სოფელი ალექსეევკაა.

ბუნების განსაკუთრებული სიყვარულისა და სიახლოვის სურვილის გამო, წლების წინ ქალაქის ხმაურისაგან მოშორებით, სოფელში აგარაკი შეიძინა ერთმა  თბილისურმა ოჯახმა. აქ სიხარულით ხვდებიან სტუმარს. ეზოში შესულს კი აუცილებლად მიგიზიდავთ ოჯახის დიასახლისის – პროფესიით ბიოლოგის,  ნია ნაცვლიშვილის  მიერ საკუთარი ხელით გაშენებული სხვადასხვა უნიკალური ჯიშის ვარდები, ულამაზესი ყვავილები და გემოვნებით მოწყობილი გარემო. აქვე შეხვდებით სოფელში სტუმრად მოსული ქართველი თუ უცხოელი ტურისტების მიერ დატოვებულ სამახსოვრო წარწერებს.

„ვისკი ყველაზე დემოკრატიული სასმელია“ – აღნიშნავს ალექსანდრე კვერნაძე, რომელმაც  ღვინის და სხვა ალკოჰოლური სასმელების დამზადების სურვილის რეალიზებას მხოლოდ უწყვეტი შრომის და სწავლების შედეგად მიაღწია. იგი პირველი ქართველი მეწარმეა, რომელმაც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ალექსეევკაში, საკუთარ მარანში, ვისკის მასალა ქვევრში, სიმინდისა და ქერის ნაზავის სამჯერადი გამოხდით მიიღო.

წარმოებული ორიგინალური ქართული ვისკის უნიკალურობა კი მისი წარმოების სპეციფიკაში გამოიხატება. თიხა უზრუნველყოფს განსაკუთრებით სუფთა სპირტის მიღებას, რომლის დაძველებაც შემდგომ სპეციალურ მუხის კასრებში ხდება. ასეთი ტექნოლოგიით წარმოებული  ვისკი განსაკუთრებული დამახასიათებელი გემოვნური და სხვა ორგანოლეპტიკური თვისებებით გამოირჩევა. მარანში ერთი თვის განმავლობაში იწარმოება დაახლოებით 100 ლიტრი 75 %-იანი ვისკის მასალა, რომელიც, 3-წლიანი დაძველების პროცესის გავლის შემდგომ, რეალიზაციისთვის თბილისში მიდის. მეწარმე სამომავლოდ ვისკის დამზადებას ჭვავის გამოყენებით გეგმავს.

მარნის ექსკლუზიური პროდუქტია შარბათი „ტიფლისი“ არომატიზირებული ღვინო,  რომელიც განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით არის გამორჩეული და უძველესი ქართული ტექნოლოგიით, ძველი ქართული კარაბადინის რეცეპტის მიხედვითაა დამზადებული. არომატიზაციისთვის კი 8 სახეობის სანელებელი გამოყენებული. შარბათმა ქართველი და უცხოელი სტუმრების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

მარანში უნიკალური „შალას“ (ასურეთული შავი) ჯიშის ყურძნისაგან, ევროპული ტექნოლოგიით, შეზღუდული რაოდენობით  იწარმოება ღვინო „ასურეთული“. სპეციალურ საავტორო ხელნაკეთ ეტიკეტზე დატანილი კონცეფციის მთავარი იდეაა ღვინო და ხელოვნება“ (Wine & Art).  მეწარმის თქმით, კლიმატური პირობების გამო, მაღალმთიან დასახლებაში შალას ჯიშის ყურძენი მწიფობას ვერ ასწრებს, შესაბამისად, აღნიშნული  ყურძნის ჯიშს მევენახეებისგან მცირე რაოდენობით ყიდულობს.

მეწარმე მაღალმთიან დასახლებაში მოქმედი საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს, ბიზნესის განსავითარებლად კი ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში აქვს ბიზნესიდეა წარდგენილი და იმედოვნებს, რომ, მისი პროექტის მხარდაჭერის შემთხვევაში, საშუალება მიეცემა, პროდუქციის წარმოება და საზღვარგარეთ ექსპორტი გაზარდოს.