ვის ეყოლება კანდიდატი ადიგენის სოფელ არალში შუალედურ არჩევნებზე

889

ადიგენის სოფელ არალშ 27 ოქტომბრის შუალედური ადგილობრივი არჩევნებისთვის საკუთარი მაჟორიტარობის კანდიატი ჯერ არცერთ პოლიტიკურ ძალას არ დაურეგისტრირებია, თუმცა მმართველმა პარტიამ კანდიდატურა უკვე შეარჩია. ოპოზიციაში კი გადაწყვეტილების მისაღებად მსჯელობენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

სოფელ არლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი “ქართულმა ოცნებამ“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე დაასახელა. არლის თემში დეპუტატობისთვის მმართველი პარტიიდან ზურაბ ფეიქრიშვილი იბრძოლებს. იგი 37 წლისაა და სოფელ არალში ცხოვრობს.

რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, მათ ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ.

პარტია “ევროპული საქართველოს“ ადიგენის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, სიმონ პარუნაშვილი ამბობს, რომ საკითხზე მსჯელობენ, თუმცა სავარაუდოდ კანდიდატი არ ეყოლებათ.

“სავარაუდოდ, არავინ გვეყოლება, მაგრამ ეს ზუსტი პასუხი არ არის. არ აქვს აზრი კანდიადტის დაყენებას. ყოველთვის ზეწოლას აკეთებდნენ და ისევ ზეწოლები იქნება. ვფიქრობდით, მაგრამ ამ ეტზპე თავი შევიკავეთ. თუ რამე არ შეიცვალა, არ გვეყოლება“, – ამბობს პარუნაშვილი.

მაჟორიტარობის კანდიდატი ჯერ შერჩეული არ ჰყავს არც “ნაციონალურ მოძრაობას“, თუმცა ფიქრობენ, რომ არჩევნებში გამარჯვების უპირატესობა აქვთ.

“კანდიადტი ჯერ არ დაგვისახელებია, გადაწყვეყტილი არ არის ვინ იქნება. ამ უბანს ნაციონალები ვიგებდით და კიდევაც მოვიგებთ“, – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით ოგანესიანი.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში შუალედური არჩევნები იმის გამო იმართება, რომ 2019 წლის ხუთ აპრილს, სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი ლაზარე ჩილინგარაშვილი, ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. მას საკრებულოში საფინანსო–საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარის პოსტი ეკავა. ლაზარე ჩილინგარაშვილმა მაჟორიტარობის მანდატი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოიპოვა.

დაახლოებით, ექვსი თვეა არალს ადიგენის საკრებულოში დეპუტატი არ ჰყავს. სოფელში სულ 1 467 ამომრჩეველია რეგისტრირებული.