გორში ახალგაკეთებულ გზაზე ასფალტი დაზიანდა

864

ქალაქ გორში, კეცხოველის ქუჩის ერთ მონაკვეთზე, ასფალტის საფარი დაზიანდა, რის გამოც  კომპანია ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1″-ის თანამშრომლებს დამატებითი სამუშაოების წარმოება დაჭირდათ.

კომპანიის წარმომადგენლის ცნობით, 5 მონაკვეთზე ნიადაგი ,,დაჯდა”, რის გამოც, ასფალტმა დეფორმაცია განიცადა და ორმოულები გაჩნდა.

ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა და საზედამხედველო საქმიანობა მათმა სპეციალისტებმა გასწიეს:

,,თუმცა, დავინტერესდით მიზეზით და, როგორც აგვიხნეს, ასფალტის საფარის დაწევა მოსახლეობის ბრალი ყოფილა. როდესაც კეცხოველის ქუჩაზე ახალი ასფალტის დაგების სამუშაოები დაიწყო, ბევრ მოსახლეს საკანალიზაციო მილები დაერთებული არ ჰქონდა შემკრებ ჭებთან. ისინი ჩვენს რეაგირებას ელოდნენ და სურდათ, რომ სახელმწიფოს გაკეთებინა ეს მიერთება. როდესაც აუხსნეს, რომ ეს მათი გასაკეთებელი იყო და ასფალტის დაგების შემდეგ, იოლად ვეღარ მოახერხებდნენ შემდგომში მის გაჭრას, ამის შემდეგ, იძულებული გახდნენ შეეყვანათ კანალიზაციის მილები. სწორედ, ამ ახალგაჭრილ ადგილებზე დაიწია მიწამ” – აცხადებს ქალაქის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი.

ცნობისათვის, კეცხოველის ქუჩაზე, სარემონტო სამუშაოები 2017 წლის იანვარში დაიწყო. მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2 მლნ ლარი დაიხარჯა. გზის აღნიშნული მონაკვეთი ქალაქ გორს ტურისტულ ძეგლებთან, უფლისციხესა და ატენის სიონთან აკავშირებს. გარდა ამისა, კეცხოველის ქუჩა უერთდება მცხეთა-ზაჰესის შემოვლით გზას.

წყარო: შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი