თინა ბოკუჩავა: კარგი იქნებოდა, უმრავლესობა წინმსწრებად არ იყოს განწყობილი პრეზიდენტისთვის ხელის გადაგრეხაზე

”ნაციონალური მოძრაობის” წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, მნიშვნელოვანია პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტმა გაიზიაროს.

როგორც ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კარგი იქნებოდა ”უმრავლესობა წინმსწრებად არ იყოს განწყობილი ვეტოს დაძლევაზე და პრეზიდენტისთვის ხელის გადაგრეხაზე”.

მისივე თქმით, აუცილებელია პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით საკითხის შინაარსობრივი და საგნობრივი შესწავლა მოხდეს.

“ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ვეთანხმებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი შენიშვნებია შემოსული პარლამენტში. კარგი იქნებოდა, რომ უმრავლესობა წინმსწრებად არ იყოს განწყობილი ვეტოს დაძლევაზე და ხელის გადაგრეხაზე პრეზიდენტისთვის, არამედ იმაზე, რომ მოხდეს საკითხზე შინაარსობრივი, საგნობრივი და ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული დისკუსია და დებატი. ამისთვის არის პარლამენტი და არა იმისთვის, რომ ვინმემ ვინმეს ხელი გადაუგრიხოს და მხოლოდ მათი რიცხობრივი უპირატესობით დაძლიონ ვეტო”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პარლამენტი დღეს პრეზიდენტის ვეტოზე იმსჯელებს. გიორგი მარგველაშვილმა ვეტოს უფლებამოსილება პარლამენტის მიერ მიღებულ სამ კანონპროექტთან დაკავშირებით გამოიყენა.

აქედან ერთი, “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” განხორციელებული ცვლილებების პროექტია, ხოლო ორი – ”საარჩევნო კოდექსთან” დაკავშირებული სხვადასხვა კანონპროექტი.

წყარო: ინტერპრესნიუსი

მსგავსი სიახლეები