ტიკარაძე: ცხელების კლინიკები პროგრამაში ჩაერთვებიან, მათ აღჭურვას სახელმწიფო უზრუნველყოფს

563

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ცხელების კლინიკებს, რომლებიც პროგრამაში ეტაპობრივად ჩაერთვებიან, მედპერსონალისთვის დამცავი საშუალებებით აღჭურვაში სახელმწიფო დაეხმარება.

“პირველ ეტაპზე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აღჭურვილი იყოს ყველა ის კლინიკა, რომელიც უკვე ჩართულია პროგრამაში და მათ არ შეექმნათ დეფიციტი და ხარვეზები ამ პერსონალური დაცვის საშუალებების მიწოდებაში. ასევე, შემდგომი კლინიკები, რომლებიც ეტაპობრივად იქნებიან ჩართული, ესაა ცხელების კლინიკები და მათზე სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას და მათი აღჭურვაც იქნება ჩვენი მხრიდან უზრუნველყოფილი”, – თქვა ტიკარაძემ.

ტიკარაძის თქმით, სახელმწიფო მზადაა, კერძო კლინიკებს დაეხმაროს კომუნიკაციში, რათა მედპრსონალისთვის აღჭურვილობა დამოუკიდებლად უზრუნველყონ.

“ზოგადად, მსოფლიოში არის აღჭურვილობის დეფიციტი, თუმცა, ჩვენ როგორც ადგილობრივი მომწოდებლებისგან, ასევე უცხოეთიდან, მუდმივ რეჟიმში ვცდილობთ, რომ შევავსოთ მარაგი”, – თქვა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა. 

31 მარტიდან პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთის და გორის, თელავისა და ახალციხის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით  კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

პირს, რომელიც დაარღვევს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს 3 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრება, ხოლო იურიდიულ პირს 15 000 ლარი.

ამოქმედდა ცხელი ხაზი – 144, სადაც მოქალაქეებს საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე უპასუხებენ.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 130 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 26 უკვე გამოჯანმრთელდა.