ქარელის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის პროდუქტის დარიგება 27 მარტიდან დაიწყება

56

“ჩვენს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებისთ აღსაზრდელებისთის გათვალისწინებული პროდუქტის გაცემა 27 მარტიდან დაიწყება,” – ამის შესახებ qartli.ge-ს ქარელის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, ნინო მეზვრიშვილი ესაუბრა.

მისი განმარტებით, ზეთით, ბურღულეულით, შაქრით და ა.შ. თითოეული საბავშვო ბაღის ადმინისტრაცია მომარაგდება, შემდეგ კი, მას, ნორმის მიხედვით, აღსაზრდელების სახლებში მიიტანენ:

“პროდუქტი ხვალინ დარიგდება საბავშვო ბაღებში. იქ მოხდება განაწილება. ამაში ჩართულები იქნებიან თვითონ საბავშვო ბაღების თანამშრომლები და მოხალისეები, რომლებიც ყველანაირი წესის დაცვით, ბავშვებისთვის გათვალისწინებულ ნორმას სახლებში მიუტანენ, რა ინტერვალით მოხდება დარიგება, ამას ალბათ პროცესის მიხედვით გადაწყვეტენ,” – განაცხადა ნინო მეზვრიშვილმა.

ქარელში, როგორც საქართველოს სხვა რეგიონების საბავშვო ბაღში, სამუშაო პროცესი 2020 წლის 2 მარტიდან შეწყდა. კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის 21 მარტს გამოცხადდა.

26 მარტის მდგომარეობით, საქართველოში დღემდე კორონავირუსი 77 ადამიანს დაუდგინდა, მათგან 10 გამოჯანმრთელდა, 4 ათასზე მეტი პირი კარანტინშია მოთავსებული, 240-ზე მეტი კი – ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

23 მარტიდან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი  გამოცხადდა.

გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი  გზები. სიტუაციას ადგილზე პოლიცია და ჯარი აკონტროლებენ.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.

საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 77-მდე გაიზარდა, მათ შორის 10 უკვე გამოჯანმრთელდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის  აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.