ბათუმის მერია მოსახლეობას მიმართავს, სადეზინფექციო სამუშაოების გამო, ხვალ, 23:00 საათიდან კონკრეტულ ქუჩებზე გადაადგილებისგან თავი შეიკავოს

52

ხვალ ბათუმის ქუჩების დეზინფექცია დაიწყება, – ამის შესახებ ბათუმის მერიაში განაცხადეს.

მერიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ბათუმის ცენტრალური ნაწილის – რუსთაველის, პუშკინის, გოგებაშვილისა და გრიბოედოვის ქუჩებს შორის არსებული ყველა ქუჩის დეზინფექცია ჩატარდება. მათივე ცნობით, სპეციალური ხსნარით დამუშავდება, ასევე, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორია.

ქუჩების დეზინფექცია ეტაპობრივად გაგრძელდება. სადეზინფექციო სამუშაოები აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, სამინისტროს სპეცტექნიკის საშუალებით, გაფრქვევის მეთოდით განხორციელდება.

“მოსახლეობას ვთხოვთ, ხვალ, 23:00 საათიდან თავი შეიკავოს აღნიშნული ქუჩებით გადაადგილებისგან”,- აცხადებენ მერიაში.

23 მარტიდან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი  გამოცხადდა.

გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი  გზები. სიტუაციას ადგილზე სამართალდამცავები აკონტროლებენ.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.

საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 73-მდე გაიზარდა, მათ შორის 10 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი  იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 252.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.