stopcov.ge-ს ეთნიკური უმცირესობების ენები ემატება

49

კორონავირუსთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებ-გვერდს, stopcov.ge-ს ეთნიკური უმცირესობების ენები ემატება.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უკვე ფუნქციონირებს ვებ-გვერდის აზერბაიჯანული ვერსია, რომელიც უახლოესი დღეების განმავლობაში, კიდევ უფრო სრულყოფილი გახდება. მათივე ცნობით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საიტის სომხურენოვან ვერსიაზე, რომელიც მოკლე ვადაში ამოქმედდება.

ამასთან, უწყების ცნობით, საქართველოს მთავრობა ეთნიკური უმცირესობების ენებზე კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელების პროცესში აქტიურად თანამშრომლობს საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

„მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, კორონავირუსის გავრცელების პირველივე დღეებიდან აქტიურად მუშაობენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ყველა მითითება და რეკომენდაცია ითარგმნა. ჩაიწერა ვიდეომიმართვები ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, რომელიც გაშუქდა როგორც ადგილობრივი მედიასაშუალების, ასევე სოციალური ქსელების მეშვეობით. რეგიონის მოსახლეობას ეთნიკური უმცირესობების ენებზე დაბეჭდილი საინფორმაციო მასალა სახლებში მიეწოდება. საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები, ისევე, როგორც კორონავირუსთან დაკავშირებული ნებისმიერი სასარგებლო ინფორმაცია მუდმივად ითარგმნება და თავსდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდზე www.1tv.ge. დღეიდან ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი ხდება stopcov.ge-ს აზერბაიჯანულ ვერსიაშიც“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

23 მარტიდან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი  გამოცხადდა.

გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი  გზები. სიტუაციას ადგილზე სამართალდამცავები აკონტროლებენ.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.

საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 73-მდე გაიზარდა, მათ შორის 10 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი  იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 252.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.