ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

44

ხარაგაულის მერიის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ორგანიზებით დეზინფექცია ჩაუტარდა დაბაში მდებარე ყველა სასურსათო მაღაზიას, აფთიაქს და საჯარო დაწესებულებას.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები პერიოდულად გაგრძელდება და მის მიმდინარეობას ჯანდაცვის ცენტრი გაუწევს მონიტორინგს.

“მერიაში კორონავირუსის პრევენციის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში იკრიბება, სადაც ისმენენ ინფორმაციას ხარაგაულში არსებული მდგომარეობის შესახებ. დაბის ქუჩებში პერიოდულად რიგდება ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად სარეკომენდაციო ბუკლეტები.

დღეის მდგომარეობით ხარაგაულში 12 პირი რჩება თვითიზოლაციაში და ხარაგაულის ერთი მოქალაქეა კარანტინში.

მუნიციპალიტეტს ამ ეტაპზე არ ყავს არც ერთი ინფიცირებული პაციენტი. სხვა ქვეყნიდან შემოსულ მოქალაქეებზე სრულ მონიტორინგს ახორციელებს ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

23 მარტიდან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი  გამოცხადდა.

გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი  გზები. სიტუაციას ადგილზე სამართალდამცავები აკონტროლებენ.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.

საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 73-მდე გაიზარდა, მათ შორის 9 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი  იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 252.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.